მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურისტულმა სეზონმა ნაწილობრივი დატვირთვით იმუშავა" – "გიდების ასოციაცია" მიზეზებს ასახელებს

61348f9162e04
თათია კაკიაშვილი
12.09.21 20:00
696
„5 ივლისის(ჟურნალისტებზე თავდასხმა) მოვლენებმა საკმაოდ უკან დაგვხია და ეს უკან დახევის ტემპი არ შენელებულა, რომლის შესაჩერებლად რაიმე რადიკალური ნაბიჯი არ გადადგმულა, შესაბამისად, ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოში ინერციით მივდივართ“, - ამის შესახებ bm.ge–ს გიდების ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა ბერეკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ტურისტულ სექტორში ზაფხულის სეზონის დასაწყისში არსებობდა მოლოდინი, რომ სეზონი სწრაფი აღდგენის პერიოდი იქნებოდა, თუმცა არაერთი შემაფერხებელი მიზეზის გამო, ეს მოლოდინი არ გამართლდა.

„ჯავშნების ნაწილი სწორედ 5 ივლისის მოვლენების გამო გაუქმდა, ტურისტები პირდაპირ უთითებდნენ მიზეზს, რატომაც აუქმებდნენ ჯავშნებს. საუბარია ისეთ ჯავშნებზე, რომლებიც ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით იყო დაგეგმილი. ამ პროცესის შესაჩერებლად არანაირი ეფექტიანი ღონისძიება არ გატარებულა. ასე იმუშავა სეზონმა - ნაწილობრივი დატვირთვით. ის სწრაფი აღდგენის მაჩვენებელი დაბლა ჩამოვიდა და რაღაც „პლატოზე“ გავჩერდით“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

გიდების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, კიდევ ერთი პრობლემა, რის წინაშეც ზაფხულში ტურისტული სექტორი დადგა, საქართველოსთვის წითელი ქვეყნის სტატუსის მინიჭება იყო.

„მას შემდეგ, რაც საქართველოს წითელი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ტურისტულმა სექტორმა ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. ბუნებრივია, ბევრი ადამიანი იკავებს ჩვენთან ჩამოსვლისგან თავს იმის გამო, რომ ქვეყანაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. ასევე, შემაფერხებელია ის შეზღუდვები, რომელიც დღესდღეობით არსებობს: მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. საკმაოდ ბევრი ტურისტი გადაადგილდებოდა საზ. ტრანსპორტით და ახლა, როცა ეს მათთვის ხელმისაწვდომი აღარაა, ტურისტებისთვის საქართველოში ჩამოსვლისგან თავშეკავების კიდევ ერთი მიზეზია“, - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.