ზამთრის კურორტებზე არსებული დატვირთულობა და ფასები ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემაა. სოციალურ ქსელებში, ძირითადი ვნებათაღელვა გუდაურში HoReCa ბიზნესში და განთავსების ობიექტებში არსებულ ფასებს ეხება.
როგორი იყო მდგომარეობა ფასების კუთხით წელს გუდაურის სასტუმროებში? – bm.ge-ს ამ შეკითხვას ჰოტელიერი და Hotel Roshe Gudauri-ს მენეჯერი მაია მურაჩაშვილი პასუხობს.
როგორც ის აღნიშნავს, წელს ფასები თებერვალში გაიზარდა, რაც გაზრდილმა ხარჯმა განაპირობა. მისივე თქმით, გუდაურმა შეძლო და ევროპაში მდებარე კურორტებთან შედარებით, დაბალი ფასები შეინარჩუნა, რის გამოც ევროპელი ტურისტები, მაგალითად, ალპებში წასვლას გუდაურში დასვენებას ამჯობინებდნენ.
„წლევანდელ სეზონზე გაიაფებით არაფერი გაიაფებულა, თებერვალში შარშანდელ ნიშნულთან შედარებით გაძვირებაც დაფიქსირდა. ჩვენ აღმოსავლეთისთვის და დასავლეთ ევროპისთვის ვართ ალპების ალტერნატივა. ბულგარეთში მდებარე სათხილამურო კურორტები გაძვირებულია და შედარებით უფრო კარგი ფასები ჰქონდა გუდაურს, თუ შევადარებთ ამ კურორტებს. ამიტომ იყო, რომ დასავლეთ ევროპიდან ასეთი ტურისტული ნაკადების დენა დაიწყო. ევროპელი დამსვენებლები ალპებში წასვლის ნაცვლად მოდიოდნენ გუდაურში. ამან გამოიწვია ფასების მატება.
ფასების ზრდის კიდევ ერთი მიზეზი გაზრდილი ხარჯია. ელექტრო ენერგია, პროდუქტი, გადასახადები, თანამშრომლების ხელფასები - ყველა მიმართულებით ზრდაა. მაგალითად, ხელფასები წელს დაახლოებით 40-50%-ით არის მომატებული. სხვა შემთხვევაში იმ ადგილას სადაც მოსახლეობა არ არის ვერ კადრს ვერ შეინარჩუნებ.
აქ ჩვენ მათ ყველაფრით უზრუნველვყოფთ. ეს ხარჯია და ოთახის საფასურში შედის. გარდა ამისა, გუდაურში დისტრიბუცია არ ამოდის და ჩვენი ძალებით გვიწევს სასტუმროების პროდუქტით მომარაგება. რომ შევაჯამოთ გუდაურში ფასების ზრდა ბიზნესის მოგების მატების გამო არ მომხდარა“ - განმარტავს მურაჩაშვილი.
ინფორმაციისთვის: ზამთრის სეზონი მთის კურორტებზე რამდენიმე კვირაში ოფიციალურად დასრულდება. სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები კი სეზონთან დაკავშირებულ შედეგებზე საუბრობენ. ჰოტელიერები წლევანდელი სეზონით მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ ტურისტების რაოდენობის კუთხით, გასულ წელთან შედარებით გარკვეული ზრდაც ჰქონდათ.