მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაცია: შემცირებული მსყიდველუნარიანობა და სებ-ის პასუხისმგებლობა

5ed90217bf959
ეგნატე შამუგია
04.06.20 18:26
2761
მიმდინარე წლის მაისში ინფლაციამ 6.5% შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და განვითარებული მოვლენების - სამუშაო ადგილებისა და ნომინალური ხელფასების შემცირების ფონზე განსაკუთრებით მძიმეა. ინფლაცია აპრილში კიდევ უფრო მაღალი, 6.9%-ს შეადგენდა, ხოლო მთლიანი წლის მანძილზე კი საშუალოდ 6.5%-იან ნიშნულს იკავებს. ეს კი სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონელისა და მომსახურების ფასების დონის აღნიშნული ნიშნულით ზრდას ასახავს. კერძოდ, ტიპიური ადამიანის სამომხმარებლო კალათის ფასის ცვლილებას, რაც ამ ტიპის მომხმარებლის მიერ მოხმარებული საქონელისა და მომსახურების რიგ სახეობებს მოიცავს. თითოეულ მათგანს კი განსხვავებული წონა გააჩნია, რომლიც ადამიანის მთლიან მოხმარებაში მათი წილის მიხედვით დგინდება.

მაგალითად, სამომხმარებლო კალათაში პირველად საქონელს - სურსათს ყველაზე მაღალი 31.3%-იანი წონა აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი, 3.8%-იანი კი დასვენება და გართობას. შესაბამისად, ინფლაცია ადამიანის მიერ ძირითადი მოხმარების საქონელზე ფასების ცვლილებას ზომავს, რაც ცხოვრების ღირებულების, იგივე სტანდარტების შენარჩუნებისთვის საჭირო დამატებით ნომინალური შემოსავლების საჭიროების ოდენობას ასახავს. მაგალითად, თუ ადამიანი გარკვეული რაოდენობის საქონელი და მომსახურების შესაძენად წინა წილის მასში 50 ლარი სჭირდებოდა, წელს იგივე მოცულობის პროდუქციის შეძენისთვის 3.25 ლარით მეტი, 53.25 ლარია საჭირო. ეს კი საქონლის ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია. ანალოგიურ პერიოდში, იგივე რაოდენობის სასურსათო პროდუქციის შეძენისთვის საჭირო ფულადი რესურსი 14.7%-ით გაიზარდა. ესე იგი, თუ ადამიანს გასული წლის მასის თვეში გარკვეული ოდენობის სურსათისთვის 50 ლარი სჭირდებოდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე ოდენობის პროდუქციის შესაძენად 7.35 ლარით მეტი იყო საჭირო.

ამდენად, ინფლაცია - სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ცხოვრების დონეს აუარესებს, რადგან გასული პერიოდის მოხმარების შესანარჩუნებლად უფრო მეტი ფულადი რესურსი სჭირდებათ, ხოლო მოსახლეობის შემოსავლების ნომინალური მაჩვენებლები მოკლევადიან პერიოდში არ იზრდება ან უფრო დაბალი ზრდის ტემპი გააჩნია, ვიდრე სამომხმარებლო ფასების დონეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ხელფასების სიხისტეა, რომელიც ეკონომიკის მთლიანი შემოსავლების ფორმირების 1/3-ია. შესაბამისად, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი მცირდება, რადგან მიღებული შემოსავლები ანაზღაურებით უფრო ნაკლები საქონელი და მომსახურების შეძენა შეუძლიათ, ვიდრე წინა პერიოდში. მსგავსად დასაქმებულისა, ინფლაციის პირობებში უარესდება ღარიბი მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტები, რადგნ მათი მოხმარების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო სოციალური ტრანსფერებია. ამ ტიპის დახმარების ოდენობა კი მოკლევადიან პირობებში არ იცვლება.



მიმდინარე წელს ინფლაციის მაჩვენებელი (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) ყოველთვე 6%-იან ნიშნულს აღემატებოდა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე საშუალოდ 3.5 პ.პ. -ით მეტია. თუმცა, ფასების დონის ზრდა მიზნობრივ ინფლაციაზე უფრო მაღალი არამხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ გასულ წელსაც იყო. განსაკუთრებით 2019 წლის IV კვარტალში სამომხმარებლო ფასების დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საშუალოდ 7.0%-ით გაიზარდა. ამდენად, მაღალი ინფლაცია მხოლოდ ბოლო თვეების დამახასიათებელი უარყოფითი მოვლენა არ არის, რადგან წინა წლებშიც მაღალი ნიშნულებს იკავებდა.

ცალკეული საქონელი და მომსახურების ჯგუფების მიხედვით მაღალი ინფლაცია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ნაწილშია, სადაც ფასების დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული კი მიმდინარე და გასული წლის მაღალი ინფლაციის განმაპირობებელი იყო, რადგან სამომხმარებლო კალათაში სურსათის წონა 31.1%-ია, ხოლო ფასების ზრდის ტემპი კი - საშუალოდ 9.8%. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის ხუთ თვეში საშუალოდ 13.6%-ია. სურსათზე ფასების ზრდა კი ძირითადად ადგილობრივი წარმოების პროდუქციის, სასოფლო-სამეურნეო საქონლის გაძვირებას უკავშირდება, რამაც ფასების მთლიან დონეზე არსებითი გავლენა იქონია. მეორე ჯგუფი, რომელიც ნაკლებად ელასტიურ საქონელსა და მომსახურებას მოიცავს, ჯანმრთელობის დაცვაა. აღნიშნული ჯგუფში ფასების დონე მიმდინარე წლის მაისში 6.1%-ით გაზარდა, ხოლო 2020 წლის ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი - 4.5%. ამავე პერიოდში ფასების დონის შემცირება სატრანსპორტო და გართობა/დასვენება/კულტურის ნაწილში დაფიქსირდა. კერძოდ, სატრანსპორტო მომსახურებაში მაისის თვეში ფასები 4.6%-ით შემცირდა, ხოლო გართობა/დასვენება/კულტურაში კი - 1.7%-ით. მსგავსად მაისისა, ამ ჯგუფებში ფასების დონის შემცირება წინა პერიოდშიც აღინიშნებოდა, რაც დიდწილად ამ ნაწილში წარმოების გაჩერებას უკავშირდება.


როგორც გრაფიკი2-დან ჩანს, სურსათზე ფასების მაღალი ზრდის ტენდენცია 2019 წლიდანაა, რაც გასულ წელს შინამეურნეობის საშუალო ყოველთვიური ფულადი შემოსავლების ზრდის ტემპზე 1.8 პ.პ. -ით, ხოლო დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავლების ტემპს კი - 3.9 პ.პ. -ით მეტია. ამდენად, გასული წლის მანძილზე ნაკლებად ელასტიური საქონელი და მომსახურების - სურსათის ფასების დონე ბევრად მაღალი ტემპით იზრდებოდა, ვიდრე შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები.

სამომხმარებლო ფასების დონის სტაბილურობა ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა, რაც ინფლაციის ზომიერ მაჩვენებლის მიღწევას გულისხმობს. ასეთი ნიშნულად კი, 2018 წლიდან ინფლაციის 3.0%-იანი მაჩვენებელია. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ცენტრალური ბანკი ძირითადად რეფინანსირების სესხებს იყენებს. ეს უკანასკნელი საპროცენტო განაკვეთებზე ზემოქმედების საშუალებაა. თუ პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი დაბალია, ეროვნული ბანკი ექსპანსიურ პოლიტიკას ატარებს, რაც ეკონომიკაში ფულის მასის ზრდას იწვევს. ასეთი პოლიტიკის შედეგი კი სამომხმარებლო ფასების დონის ზრდაა. და პირიქით, მკაცრი მონეტარული პირობებში ფულის მასის ზრდის ტემპი მცირდება, რადგან მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები ნაკლებია. ეროვნულმა ბანკმა ამ ტიპის პოლიტიკის გატარება 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო, როცა რეფინანსირების სესხის განაკვეთს ზრდიდა, მაგრამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან უცვლელი დატოვა, ხოლო აპრილის ბოლოს კი 0.5 პ.პ. -ით შეამცირა.

როგორც ვახსენეთ, სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა - ინფლაცია მოსახლეობის კეთილდღეობას ამცირებს და მათ ცხოვრების დონეს უარესებს. ამ უკანასკნელის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოება და სტაბილურობა ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა, რაც სწორედ ამ ინსტიტუტის არსებობის უმთავრეს იდეას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, 2019 წლიდან ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივს აღემატება და უფრო მეტიც, საპირისპირო ტრაექტორია გააჩნია. თუმცა, ცენტრალურ ბანკს ძირითადი მიზნის მიუღწევლობისთვის - არაეფექტური პოლიტიკისთვის პასუხიმგებლობა არ ეკისრება. აღნიშნული ინსტიტუტის ანგარიშვალდებულება მეტწილად სტანდარტული ანგარიშების გამოქვეყნებით შემოიფარგლება, რაც სათანადო ახსნა-განმარტებას არ მოიცავს. თავის მხრივ, მასშტაბური ძალაუფლების და ეკონომიკაზე ზეგავლენის მთავარი ინსტრუმენტის მქონე ინსტიტუტის მხრიდან პასუხიმგებლობის არსებობა და მაღალი ანგარიშვალდებულება აუცილებელია.