მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წინა მთავრობის დროს "ყაზტრანსგაზის" თემაც საკმარისია" - დავით ნარმანია ახალი კანონის აუცილებლობაზე

5f0c21f013080
შოთა ტყეშელაშვილი
13.07.20 13:00
1247
სემეკს ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ენერგოკომპანიებში 5%-ზე მეტი წილის გასხვისების პროცესის დაბლოკვის უფლება მიეცემა - ამას სემეკისა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს. მთავრობა ამ ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს, რის გამოც პროექტი დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ამ ცვლილების მიღება აუცილებელია, რათა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მესაკუთრის ცვლილებამ მომხმარებელთა ინტერესები არ დააზიანოს. დამაზიანებელი შედეგის მაგალითად კი, სემეკის თავმჯდომარე წინა ხელისუფლების დროს "ყაზტრანსგაზის" მესაკუთრის ცვლილებას ასახელებს.

“ჩვენ შევაფასებთ 5%-ის ან მეტი წილის შემძენს რამდენად ექნება შესაძლებლობა შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომლებიც ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორს ეხება. შესაბამისად, შევაფასებთ თუ რა გავლენა ექნება ახალი მესაკუთრის შემოსვლას მომსახურების გაუმჯობესებაზე ან რაიმე სახის გავლენას ხომ არ იქონიებს სერვისის ხარისხზე, ტარიფებზე და ასე შემდეგ.

არსებობს გამოცდილება წინა ხელისუფლებიდან, წინა მთავრობის პირობებში განხორციელებული რამდენიმე გარიგება, რომელმაც ნეგატიური გავლენა იქონია ამ სისტემაზე. ამის მაგალითად, ვთქვათ, მაშინდელი "ყაზტრანსგაზის" თემაც საკმარისია. ასევე არსებობდა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც შეჩერდა, თუმცა ყველა ასეთი ინიციატივა, რომელიც შესაძლოა იყოს არასასურველი და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე იქონიოს ნეგატიური გავლენა ეს იქნება იმისთვის, რათა არ გაუარესდეს მდგომარეობა,” - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.