მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყოველი დღე 10 მილიონიან ზარალს უდრის" - 6 სავაჭრო მოლი მთავრობას მიმართავს

5fc0e8244a558
ინგა მურუსიძე
27.11.20 15:22
5468
სავაჭრო მოლები მთავრობას მიმართავენ. მათ დღეს პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ სრული "ლოქდაუნის" წინაშე აღმოჩენა ძალიან დიდი დარტყმაა. როგორც მოლების განცხადებაშია ნათქვამი, არანაირი ინფორმაცია იმაზე, რომ იკეტებოდა სავაჭრო ცენტრები და იზღუდებოდა ტრანსპორტი, არ არსებობდა.

ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ 2019 წელს სექტორის ბრუნვა 10 მლრდ ლარზე მეტი იყო, წელს კი, ეს ყველაფერი შემცირებულია და მხოლოდ "გადარჩენისთვის მუშაობენ".

„იყო მხოლოდ საჯარო განცხადებები და კერძო კომუნიკაცია, რომ ეს ასე არ მოხდებოდა, თუმცა დავდექით მწარე რეალობის წინაშე. ყოველი დაკეტილი დღე, სავაჭრო ცენტრებისთვის, სულ 6 მოლისთვის, 10 მლნ ზარალს ნიშნავს. დასაქმებული გვყავს 17 ათასი ადამიანი, რომელიც სამსახურის გარშე რჩება. ჩვენ გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია მთავრობასთან, საუბარი იყო მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებზე, თუმცა 24 საათში ეს ყველაფერი შეიცვალა და აღმოვჩნდით სრული "ლოქდუნის" წინაშე, - ნათქვამია მოლების განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის მთავრობისადმი შეთავაზება, რაც გიორგი გახარიას უკვე გაეგზავნა. 

"1. ნაცვლად 24 ნოემბრისა, 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მიეცეთ სავაჭრო ცენტრებს მუშაობის საშუალება; ამავე დროში მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა, რომ მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა, სავაჭრო ცენტრებში მივიდნენ.

2. გაუქმდეს ქონების გადასახადი, რომელიც 2020 წლის დასაწყისში გადავადდა. ჩვენი სურვილია და თხოვნაა, მოხდეს 2020 წლის ქონების გადასასახდის გაუქმება ისე, როგორც ეს მოხდა სასტუმროების შემთხვევაში. ყველა მზად არის, სავაჭრო ცენტრებში დასაქმებული ადამიანები არ გაუშვას სახლში და გადაუხადოს ხელფასი.

3. საკრედიტო ვალდებულებების მიმართულებით მოხდეს ეროვნული ბანკის ჩართვა ბანკებთან მოლაპარაკებების პროცესში. თუ საშუალება იქნება საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზეც დაიწყოს საუბარი, ესეც ძალიან კარგი იქნება.

4. გაგრძელდეს საშემოსავლო გადასახადზე არსებული შეღავათი, თუნდაც შემდგომი 6 თვის განმავლობაში.

5. სავაჭრო ცენტრები მზადყოფნას გამოვთქვამთ, დავიკეტოთ იანვარში, თუმცა დეკემბერში მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - აცხადებენ მოლების წარმომადგენლები.

განცხადებას ხელს  "თბილისი მოლი", "ისთ ფოინთი", "თბილისი ცენტრალი", "ქარვასლა", "სითი მოლი" და "გლდანი მოლი" აწერენ. 

განახლება: თავდაპირველად ნიუსში ეწერა, რომ მოლების მოთხოვნას "გალერეა თბილისიც" უერთდებოდა. bm.ge მოლების წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ანონსს ეყრდნობოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინფორმაცია უშუალოდ "გალერეა თბილისში" გადავამოწმეთ, კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ისინი სავაჭრო ცენტრების მოთხოვნას არ უერთდებიან.

ცნობისთვის: მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სავაჭრო მოლები იხურება.