მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზღვის ეკონომიკური და პოლიტიკური ათვისებისთვის ხელის შეშლა სახიფათო უვიცობაა" - გიორგი ქადაგიძე

5e173c9c48cc8
ინგა მურუსიძე
09.01.20 18:50
1204
საქართველოს განვითარების შეუქცევადი გზა, უპირველესად, ზღვის ეკონომიკური და პოლიტიკური ათვისებაა და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ამ პროცესს აჩერებს, არის უკეთეს შემთხვევაში, სახიფათო უვიცობა, - ასე აფასებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ანაკლიის პორტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.  ქადაგიძე საქართველოს მომავალ მთავრობას მიმართავს და 5 ფაქტზე მიუთითებს.

"5 ფაქტი მომავალ მთავრობას: 1. მსოფლიო ვაჭრობის თითქმის 90% ხორციელდება საზღვაო გადაზიდვების მეშვეობით; 2. მეგა ქალაქების აბსოლუტური უმეტესობა ზღვისპირა ქალაქებია; 3. მსოფლიო დოვლათის მნიშვნელოვანი ნაწილი იქმნება ზღვისპირა ქალაქებში; 4. მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს ზღვიდან 100 კმ რადიუსში და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება; 5. ქვეყნისთვის, რომლის ორ უშუალო მეზობელს და მთლიანად ცენტრალურ აზიას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, განვითარებული ზღვისპირეთი არის დოვლათის შექმნის, გამდიდრების და სიღატაკიდან თავის დაღწევის ყველაზე სწრაფი გზა;

საქართველოს მოსახლეობის 10%–ზე ნაკლები ცხოვრობს ზღვისპირეთში, განუვითარებელია როგორც საპორტო, ასევე დამაკავშირებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, აუთვისებელია მსოფლიო დოვლათთან გასასვლელი ჩვენი მთავარი კარიბჭე.

საქართველოს განვითარების შეუქცევადი გზა, ეს არის უპირველესად ზღვის ეკონომიკური და პოლიტიკური ათვისება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ამ პროცესს აჩერებს, არის უკეთეს შემთხვევაში, სახიფათო უვიცობა", - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.