მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზოგჯერ გენერატორების ჩართვა გვიწევს, რათა ტურისტები არ გაგვეყინონ“ – სასტუმრო მესტიაში

61c9ba075f00c
მარიამ იზორია
27.12.21 18:22
930
„თუ ელექტროენერგია მთელი ღამე არ არის, გვიწევს გენერატორების ჩართვა, რათა ტურისტები არ გაგვეყინონ“ - ამის შესახებ bm.ge-ს მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბუდეს“ დამფუძნებელმა განუცხადა. თათია თეთრაშვილის თქმით, კურორტის სტაბილური ელექტრომომარაგების პრობლემა ამ სეზონზეც მოუგვარებელია, რაც ტურისტული სეზონისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია.

„ბუდეს“ დამფუძნებელი პრობლემის გამომწვევ მიზეზებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთავარი მიზეზი მესტიის მოსახლეობის უფასო ელექტრომომარაგებაა, რის გამოც ქალაქში კრიპტოვალუტების არალეგალური წარმოება გახშირდა. პრობლემაა ასევე ამორტიზებული ელექტროსადენები, რაც დენის ხშირ გათიშვას იწვევს.

აღსანიშნია, რომ სწორედ გაზრდილი მაინინგის გამო, მართალია, მესტიაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა დანარჩენ სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი 25 დეკემბერს გაიხსნა, მაგრამ ამ დრომდე გაჩერებულია ჰაწვალის და თეთნულდის საბაგიროები - მიზეზი არასტაბილური ელექტრომომარაგებაა.

„მესტიაში ტურისტული სეზონი ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა ელექტროენერგიის პრობლემა უმთავრესია. მოგეხსენებათ, აქ ბუნებრივი აირი არ მოგვეწოდება, შესაბამისად, ყველაფერი მხოლოდ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული.
ძალიან ხშირად დენი არ გვაქვს, მაგრამ როცა გვაქვს, მაშინაც დაბალი ძაბვით მოგვეწოდება; ხშირად სარეცხი მანქანის ჩართვაც კი შეუძლებელია. ამის გამო სტაბილიზატორებში მრავალი ათასი გვაქვს გადახდილი.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ელექტროენერგია მთელი ღამის განმავლობაში არ მოგვეწოდება, ასეთ დროს გვიწევს გენერატორების ჩართვა, რათა ტურისტები არ გაგვეყინონ, ესეც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული; შესაძლოა, ერთ ღამეში 500 ლარის საწვავიც დასჭირდეს“, - ამბობს „ბუდეს“ დამფუძნებელი და იქვე დასძენს, რომ მართალია, მესტიის მერიამ გასულ კვირას განცხადება გაავრცელა და ადგილობრივ მოსახლეობას მაინერების გათიშვისკენ მოუწოდა, მაგრამ რეალურად, კრიპტოვალუტის წარმოებით მოსახლეობა არაა დაკავებული.

„პრობლემის მოგვარების ქმედით გზებზე არავინ საუბრობს“, - დასძინა თათია თეთრაშვილმა.