მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის პარლამენტის ფუნქციები - ეკა ციმაკურიძის მოსაზრება

5f579d6e431af
BM.GE
08.09.20 19:02
3163
მეცხრე მოწვევის პარლამენტი პირველი პარლამენტია საქართველოს ისტორიაში, რომელმაც საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში თითქმის 2 წლის განმავლობაში იმუშავა.

საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი უფრო ძლიერ, ფართო უფლებამოსილებების მქონე და მათი შესრულების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების მქონე ხელისუფალს ნიშნავს. მიუხედავად ამისა, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა, როგორც მთავრობის ძლიერმა მაკონტროლებელმა და ხალხის მთავარმა წარმომადგენელმა, თავი ვერ დაიმკვიდრა. ისევე როგორც წინა მოწვევის პარლამენტები, მეცხრე მოწვევის პარლამენტიც უმეტესად მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოდ დარჩა. ასე პოზიციონირებს ის თავად და ასე აღიქმება ის საზოგადოების მიერ.

რიგი ფუნქციები, რომელიც პარლამენტს არც კი გამოუყენებია, არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია სუსტია და ის არ აღიქმება მთავრობის მაკონტროლებლად. მათ შორისაა, თანამდებობის პირის დაბარება კომიტეტის სხდომაზე; ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესწავლა; სასამართლო პრაქტიკის შესწავლა; კანონქვემდებარე აქტების კანონებთან შესაბამისობის შესწავლა; ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი; რაც შეეხება საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების ფორმატში მუშაობას, მეოთხე მოწვევის განმავლობაში ასეთი მხოლოდ ერთი შეიქმნა.

ყველა ზემოთჩამოთვლილი ინსტრუმენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის, პარლამენტის მიერ მიღებული კანონების პრაქტიკაში დამკვიდრების შესწავლას ემსახურება. ასეთი შესწავლის შედეგები უნდა განაპირობებდეს პარლამენტის რეაგირებას გამოვლენილ პრობლემებზე, ასევე, გავლენას ახდენდეს პარლამენტის კანონშემოქმედებით დღის წესრიგზეც.

იმ საზედამხედველო ინსტრუმენტებს შორის, რომელთაც პარლამენტი რეგულარულად იყენებს, არის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში მთავრობის წევრების მოსმენა და კომიტეტების ფორმატში თემატური მოკვლევის ჯგუფების მუშაობა. ინტერპელაციის მექანიზმი სულ რამდენიმე შემთხვევაში იყო გამოყენებული მთავრობის წევრებისთვის კითხვების დასასმელად.

საზედამხედველო როლი პარლამენტის ორ ძირითად ფუნქციას შორის ერთ-ერთია, კანონშემექმოდებით როლთან ერთად. ამიტომ მომდევნო მოწვევის პარლამენტმა უნდა შეძლოს თავი დაიმკვიდროს არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ მთავრობაზე კონტროლის რეგულარულად და ეფექტურად განმახორციელებელ ხელისუფლების შტოდ.