მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დატვირთვა აქვს ტრანსკასპიურ შუა კორიდორს? საქართველოს წილი საერთაშორისო ვაჭრობის ეფექტიან წარმართვაში

63eb5a9d7f923
BM.GE
14.02.23 13:08
1387
გლობალურად გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე, საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიებისთვის ალტერნატიულ მარშრუტად ტრანსკასპიური კორიდორი განიხილება. აქამდე, ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების ტრანსპორტირება ხდებოდა ჩრდილოეთ დერეფნის გავლით, რომელიც ამჟამად სანქციების ქვეშ იმყოფება. შუა კორიდორი ერთმანეთთან აკავშირებს ჩინეთსა და ევროპას, - ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა აღნიშნა: „საქართველომ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საერთაშორისო ვაჭრობის წარმართვაში. საქართველო შუა კორიდორის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია და შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს აღნიშნული მარშრუტის ეფექტიანობის ზრდაში. შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ასათვისებლად, გასაზრდელია წარმადობა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, რაშიც იგულისხმება - პორტები, გზები, საბაჟო პუნქტები; ასევე ტექნიკა - სადაც შედის სარკინიგზო, საზღვაო სანაოსნო და ავტოსატრანსპორტო საშუალებები. მარშრუტს აქვს გარკვეული შეზღუდვები ტევადობისა და ტვირთის ტრანსპორტირებისთვის, - გზების გაფართოება, ახალი პორტებისა და ტერმინალების შექმნა წაადგება ეფექტურ ლოგისტიკურ მიწოდების ჯაჭვს“.

ტრანსკასპიური დერეფნის განვითარებამ, ასევე, გამოიწვია ევროკავშირის ინტერესი, რომელიც აგრძელებს საიმედო სავაჭრო გზების ძიებას რუსეთის გვერდის ავლით. „შავი ზღვა არა ბარიერი, არამედ მთავარი დამაკავშირებელი რგოლი უნდა გახდეს ევროპასა და საქართველოს შორის“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, შავი ზღვის ყოველწლიურ კონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ფოთისა და ბათუმის პორტები სრული დატვირთვით მუშაობდნენ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ლოგისტიკაში ციფრული ხელსაწყოების დანერგვა და ათვისება. საერთო საბაჟო კავშირის შექმნა და ციფრული ინტეგრაცია ხელს შეუწყობს დოკუმენტაციის ეფექტურ გაცვლას, მკვეთრად შეამცირებს დროს საჭირო პროცედურების გასავლელად და ხელს შეუწყობს ინფორმაციის უსაფრთხოებას. სწორედ ამ ტენდენციიდან გამომდინარე „კაიროს ლოჯისტიქსმა“ სხვა პარტნიორებთან ერთად დაიწყო მუშაობა და გაუშვა ციფრული პლატფორმა „ტრანსლაივი“.

მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოთა შორის ერთიანი გადაწყვეტილებების მიღება. გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა: საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთსა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა ოთხმხრივ ხელშეკრულებას, რომლის მიზანია ლოგისტიკური პროცედურების გამარტივება და მიწოდების სიჩქარის გაზრდა.


ns