Sartichala Vineyard Management-ის პარტნიორი BM.GE-ისთან ამბობს, რომ სუფრის ყურძნის განსხვავებული ტექნოლოგიიდან გამომდინარე, მას საკმაოდ მაღალი ფასი ექნება. საპროგნოზო გათვლებით იგი ვარაუდობს, რომ სუფრის ყურძნის ფასი 4 ლარამდე აიწევს.
“ ახლა სწორედ ის პერიოდია, როცა მოსავალს ვიღებთ და ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმ ტემპს, რა მოლოდინიც გვქონდა. ჩვენი გათვლებით, წელს 400 ტონამდე სუფრის ყურძენს ავიღებთ. დაახლოებით 3 წელია, სართიჭალაში სუფრის ყურძნის ვენახი გვაქვს გაშენებული, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე გასულ წელს შემოვედით და მინდა აღვნიშნო, რომ მოთხოვნა მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ყურძნისგან საკმაოდ განსხვავებული პროდუქტია და ახალია ეს კულტურა საქართველოსთვის, ბაზარი ეჩვევა ამ პროდუქტს და ეს გაყიდვებშიც აისახება. სუფრის ყურძენი მაღალი კატეგორიისაა და ფასიც შესაბამისი აქვს. ჩვენი საპროგნოზო გათვლებით, ფასი საკმაოდ მაღალი იქნება და ვვარაუდობთ, რომ მისი ღირებულება 2.20 ლარიდან დაიწყება და 4 ლარამდე აიწევს, “ - აღნიშნა ლაშა ჯინჭარაძემ.
სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ ღვინის სამშობლოში სუფრის ყურძნის იმპორტი ექსპორტს აღემატება, უფრო მეტიც ექსპორტის მაჩვენებლები მინიმალურია.
სუფრის ყურძნის წლიური იმპორტის მიხედვით, გასულ წელს ჯამში ქვეყნიდან 1 962 ტონა საქონლის შესაძენად 1.6 მლნ დოლარი გავიდა. რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს 4 ქვეყანაში სუფრის ყურძნის რეალიზებით 602 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და ჯამში მხოლოდ 829 ტონა ყურძენი გაიტანა. უნდა აღინიშნოს, გასულ წელს ექსპორტის დიდი ნაწილი ადგილობრივი წარმოების ყურძნის რეალიზებაზე მოდიოდა და მისი მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი (578 ათასი დოლარი, 799 ტონა) იყო. მცირე მოცულობით სუფრის ჯიშების ყურძენი ყატარსა (20 ათასი დოლარი, 10 ტონა) და ყაზახეთშიც (4 ათასი დოლარი, 20 ტონამდე) გაიყიდა. ამავე პერიოდში საქონელი რეექსპორტით სომხეთში (19 ათასი დოლარი, 7 ტონა) გავიდა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებს, ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ 875.5 მლნ დოლარის, 930 ტონა სუფრის ყურძნის იმპორტი განახორციელა. ეს კი გასული წლის იანვარ-ივლისის იმპორტის ღირებულებას 42%-ით, მოცულობით კი 22%-ით.
საიმპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია:
• სომხეთი - 642.8 ათასი დოლარი, 793 ტონა;
• ნიდერლანდები - 163 ათასი დოლარი, 56 ტონა;
• თურქეთი - 69 ათასი დოლარი, 80 ტონა.