საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის ინფორმაციით, ამერიკულ კორპორაცია „Trammo“ ბათუმში, ტერმინალის სამშენებლო სამუშაოებს უკვე აწარმოებს.
მისივე განცხადებით, სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადა 18 თვეა.
„როგორც ვიცი, ამერიკულ კორპორაცია „Trammo“-ს უკვე დაწყებული აქვს სამუშაოები ბათუმის პორტში, 11 ათას
კვადრატულ მეტრზე, ძირითადად ორიენტირებული არის შუა აზიაში სასუქის გადაზიდვაზე; როგორც მახსოვს გამტარიანობა უნდა იყოს მილიონ ტონამდე. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა არსებობდეს, რაც არის ძვირადღირებული პროდუქტის შენახვა, მაგალითად კარბამიდის, ეს არის სასუქი, რომელიც ივაჭრება შუა აზიაში და კარგია, რომ ეს შესანახი ადგილი შეიქმნება ჩვენს ტერიტორიაზე და შემდეგ აქედან ივაჭრება“, - განაცხადა საღირაშვილმა.
კითხვაზე - რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს, მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ „მიმდინარეობს ტერმინალის მშენებლობა, უკვე წარმოებს ფიზიკური სამუშაოები“.
ცნობისთვის: 11 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ში, ნიუ-იორკში ამერიკული კორპორაცია Trammo-ს აღმასრულებელ დირექტორს და მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, Trammo საქართველოში 20 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ბათუმის პორტის გავლით ევროპულ ბაზართან დააკავშირებს.
„პარლამენტის თავმჯდომარე კორპორაციის მენეჯმენტს საინვესტიციო გარემოს, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის, საკუთრების უფლების დაცვის სტანდარტების და საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.