მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა გაზსაცავის პროექტი? - GOGC-ში ამბობენ, რომ ტენდერი მიმდინარეობს

5e15acdbbec4c
შოთა ტყეშელაშვილი
09.01.20 10:40
994
2018 წლის 24 აგვისტოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იმყოფებოდა. კანცლერის ვიზიტის ფარგლებში საქართველომ გერმანიასთან €193 მილიონი ევროს დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მათ შორის უმთავრესი - €150 მილიონი ევროს კრედიტი საქართველოში ბუნებრივი აირის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის იყო განკუთვნილი. 

გერმანიის განვითარების ბანკთან (KFW) ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთ წელზე მეტი არის გასული, თუმცა ამ დრომდე პროექტის განხორციელება დაწყებული არაა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში BMG-ის პასუხობენ, რომ ამ დროისთვის გაზსაცავის სამშენებლო კონტრაქტორის გამოსავლენად საერთაშორისო სტანდარტების ტენდერი მიმდინარეობს. 

"ამ ეტაპზე ხდება ტენდერის პირობების თანახმად წარმოდგენილი წინადადებების შეფასება. პროექტის სირთულიდან გამომდინარე, თოთოეული კომპონენტი საჭიროებს დეტალურ შესწავლას. პროცესში ჩართულია პროექტის დონორი, უმსხვილესი ევროპული საფინანსო ინსტიტუტი - გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი-KFW. ტენდერი მიმდინარეობს აღნიშნული ბანკის შესყიდვის წესებით და მისი წარმომადგენლები შეფასებით პროცესში სრულად არიან ჩართული. სწორედ KFW-ს საბოლოო თანხმობის შემდეგ გამოავლენს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გაზსაცავის მშენებელ კონტრაქტორს,"- ამბობენ კორპორაციაში. 

გაზსაცავის პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 200 მილიონ დოლარს აღემატება. პროექტის მიხედვით, მომავალი გაზსაცავი თბილისის მახლობლად განთავსდება და მისი მოცულობა იქნება დაახლოებით 400 მილიონი კუბური მეტრი, რაც საქართველოში გაზის წლიური მოხმარების 10-15% პროცენტს წარმოადგენს.

მიწისქვეშა გაზსაცავი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდისთვის შენდება. პროექტი საქართველოს შაჰ-დენიზის მილსადენში გამავალი ბუნებრივი აირის უკეთ ათვისების საშუალებას მისცემს. ზაფხულის თვეებში, მაშინ როდესაც ენერგომოხმარება დაბალია აზერბაიჯანიდან მიღებული ბუნებრივი აირი საცავში შეიახება, ზამთარში კი მისი გამოყენება მოხდება.

გაზსაცავის პროექტი სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წარადგინა. გასული ხუთი წლის განმავლობაში პროექტის განვითარება საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობდა.