მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KFW საქართველოს ენერგოსექტორის მხარდაჭერისთვის €100 მლნ-ის კრედიტს გამოუყოფს

ელექტროენერგია

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) საქართველოს მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის 100 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს - შესაბამისი სასესხო შეთანხმება მხარეებმა 2024 წლის 17 ივნისს გააფორმეს, ხოლო დღეს რატიფიცირებისთვის პარლამენტში განიხილეს.

საკრედიტო დაფინანსება 2024-2027 წლებზე არის გათვლილი და მის ფარგლებში საქართველომ მდგრადი და მწვანე ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით უნდა გაატაროს რეფორმები. კრედიტი ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს წარმოადგენს და ის სახელმწიფოს კონკრეტული რეფორმების განხორციელების პარალელურად ჩაერიცხება.

ეს სესხი წარმოადგენს 2018 წელს KFW-სა და ფრანგული AFD-ს მიერ დაწყებული ენერგეტიკის მხარდამჭერი საკრედიტო შეთანხმების გაგრძელებას, რომელიც 6 ფაზად განხორციელდა და რომლის ფარგლებშიც საქართველომ 641 მილიონი ევროს დაფინანსება უკვე მიიღო.

პარლამენტში საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მისი თქმით, პროექტი განახლებადი ენერგიის მხარდაჭერას მოიცავს.

„შარშან გვქონდა მოლაპარაკებები, შედეგად დაიწყო ახალი ფაზა, გათვლილი 2024-2027 წლებზე, რომლის ფარგლებშიც, გარკვეულ რეფორმებზე დაფუძნებით, ასევე მოხდება საბიუჯეტო სესხების გამოყოფა. ენერგეტიკის გარდა, არის მწვანე მიმართულებაზე გადასვლის საკითხი. ზოგადად, მომდევნო წლებში განსახორციელებელი ღონისძიებები გულისხმობს მწვანე წყალბადის გამოყენების დაწყების შესაძლებლობებს, გარდამავალ პერიოდში სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერას განახლებად ენერგიებზე გადასვლის შემთხვევაში, ასევე განახლებადი ენერგიის სექტორის მხარდაჭერას, ნარჩენების მართვას, ემისიების სტანდარტებს და ა. შ. ამ მიმართულებებზე ერთობლივად ვიმუშავებთ მომდევნო წლებში“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

სესხის ხანგრძლივობა 15 წელია, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი - 1 წელია. საკრედიტო შეთანხმების განმარტებითი ბარათის თანახმად, კრედიტის საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია და ის თანხის ჩამორიცხვის დღეს დაზუსტდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები