მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

PPA-მ თავი ამოწურა, მაღალი ტარიფები ენერგოტევად დარგებს საფრთხეს უქმნის - მერაბ ლომინაძე

ჰესი ჰიდროელექტროსადგური ენერგეტიკა

ET SYNERGY-ის დამფუძნებელი მერაბ ლომინაძე ქართულ ენერგეტიკაში ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებმა (PPA) თავისი ისტორიული როლი უკვე შეასრულეს და მათი სისტემური გაგრძელება ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას საფრთხეს უქმნის.

მერაბ ლომინაძე BMG-სტან აცხადებს, რომ თუ სახელმწიფო გააგრძელებს ენერგოპროექტების წახალისებას მაღალი ტარიფით გარანტირებული შესყიდვების გზით, საქართველო საბოლოოდ ძვირი ელექტროენერგიის მქონე ქვეყნად იქცევა, რაც მძიმე დარტყმა იქნება როგორც ინოვაციური, ისე ტრადიციული ინდუსტრიებისთვის.

„ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღებთ ძალიან ძვირი ელექტროენერგიის მქონე ქვეყანას, სადაც არანაირი წარმოების საფუძველი აღარ იქნება იმ დარგებისთვის, რომელიც გახლავთ ენერგოტევადი. ასეთი დარგებია, მაგალითად, მონაცემთა ბაზების კომპანიები, თანამედროვე AI კომპანიები, ჰაიტეკის კომპანიები. ეს არის 21-ე საუკუნის ბიზნესი, მომავლის ბიზნესი და არ შეიძლება, რომ ჩვენ ამაზე უარი ვთქვათ

მაღალი ფასების მეშვეობით, პრაქტიკულად ნულზე დავა ის ისტორიული დარგები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში დასაქმებისა და რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით. მხედველობაში მაქვს მეტალურგიული და ფეროშენადნობთა საწარმოები, რომლებზედაც პრაქტიკულად ქალაქები დგას. შეგვიძლია მაგალითისთვის მხოლოდ ზესტაფონი მოვიყვანოთ, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პირდაპირ და ირიბად დაკავშირებული არის ფეროშენადნობთა ქარხანასთან. გავიხსენოთ რუსთავიც“ - აცხადებს ლომინაძე BMG-სთან.

მისივე თქმით, ენერგეტიკაში ინვესტიციების მოსაზიდად სახელმწიფომ ახალი, უფრო ადეკვატური მექანიზმები უნდა შეიმუშაოს. მაგალითად მას საბანკო სექტორი მოჰყავს, რომელმაც კაპიტალიზაცია საერთაშორისო ბირჟებზე აქციების განთავსებით შეძლო.

„დღევანდელი მდგომარეობით, კაპიტალიზაცია, ანუ ინვესტირებული თანხების უკან ამოღება, ინვესტორებმა კომპანიების საერთაშორისო ბირჟებზე გაყვანით შეძლეს. მოგეხსენებათ, „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისი ბანკმა“ წარმატებულად განათავსეს თავიანთი აქციები ლონდონში და სწორედ ამ მექანიზმით ამოიღეს ინვესტორებმა ჩადებული ფული და არა სესხებით ან საოპერაციო შემოსავლებით. იგივენაირი მექანიზმების მოფიქრება და დანერგვა შესაძლებელი იქნებოდა ენერგოსექტორშიც“ - ამბობს ლომინაძე.

გარდა კაპიტალის ბაზრისა, მისი თმით, სახელმწიფომ საპენსიო ფონდის რესურსის გამოყენების შესაძლებლობაც უნდა განიხილოს.

„აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს იმ საკრედიტო რესურსის გაიაფება, რომელსაც ენერგოინვესტორები იყენებენ. თუნდაც ვიფიქროთ იმაზე, რომ საპენსიო ფონდის თანხების გამოვიყენოთ, რომ ამ შემთხვევაშიც გაუმჯობესდეს მოგებიანობის მაჩვენებელი, რომელიც საპენსიო ფონდს აქვს. ეს ყველაფერი არის სახელმწიფო რესურსი და მგონია, რომ სახელმწიფომ კერძო სექტორთან ერთად უნდა შეიმუშაოს ახალი მექანიზმები“.

ამავდროულად, მერაბ ლომინაძე მიიჩნევს, რომ დღეს უკვე არსებული ხელშეკრულებები აუცილებლად უნდა შესრულდეს.

„ის ხელშეკრულებები, რომლებიც კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის არსებობს, აუცილებელია მათი ორმხრივი ინტერესების ფარგლებში სრულად დაცვა. მათი მოშლა სახელმწიფოს მხრიდან, თუნდაც ამ ეტაპზე არ აწყობდეს, იქნებოდა ძალიან ცუდი სიგნალი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. ამიტომ აუცილებელია არსებული PPA-ების და CFD-ების შენარჩუნება და ბოლომდე დასრულება, ხოლო დღეის აქეთ უკვე ფიქრი ახალ მექანიზმებზე“ - ამბობს ლომინაძე.

საქართველოში PPA-ს რეჟიმი ძირითადად 2008–2022 წლებში ახალი ჰესების, ქარისა და რამდენიმე თბოსადგურისთვის გამოიყენებოდა. ხელშეკრულებები ESCO-სთან ფორმდებოდა. 2023 წლიდან კი, სახელმწიფო აუქციონებისა და CfD ტიპის მხარდაჭერის მექანიზმებზე გადავიდა და ახალი პროექტებისთვის კლასიკური PPA ეტაპობრივად ჩანაცვლდა.

2023-2024 წლებში ჩატარებულმა ორმა CFD აუქციონმა განახლებადი ენერგიის მრავალფეროვანი პროექტები მოიცვა. პირველი აუქციონის შედეგად 297 მგვტ სიმძლავრე დაკონტრაქტდა. მეორე, უფრო მასშტაბურ აუქციონში კი - 800 მგვტ სიმძლავრე. CFD კონტრაქტები პრაქტიკაში ESCO-ს მიერ შექმნილი ფონდიდან კომპენსირდება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა გადახდას PPA და CFD კონტრაქტების ფარგლებში. მეორე აუქციონის შემდეგ საინიციატივო შეთავაზებების მიღება დაფიქსირებული პირობების შესაბამისად გაგრძელდა. ჯამში 210-მდე პროექტი 5317 მგვტ სიმძლავრეზეა კონტრაქტირებული, რაც ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის საშუალოვადიან საჭიროებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები