მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა “გრინ სითის” €500-მილიონიანი პროექტი? - ინვესტორის განმარტება

63d77902b5686
გიორგი არონია
30.01.23 23:25
964

თბილისის ზღვაზე ქართულ-სლოვაკური “ჯინო ჰოლდინგის” მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის - “გრინ სითის" შესახებ საზოგადოებისთვის რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რომლის მშენებლობა, თავის დროზე, ნახევარი მილიარდი ევრო ჯდებოდა, საჯარო ინფრასტრუქტურის, მათ შორის გზების, საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოს, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრების მოწყობას ითვალისწინებდა. თავდაპირველად, აღნიშნული პროექტის მშენებლობის ხელშეკრულება “საპარტნიორო ფონდსა” და “ჯინო ჰოლდინგს” შორის 2016 ზაფხულში გაფორმდა, მაგრამ მოგვიანებით, პროექტის დაწყების ვადამ არაერთხელ გადაიწია.

მეგაპროექტის გაჩერების მიზეზებზე “გრინ სითის” მთავარმა ინვესტორმა, “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ ვრცლად 2020 წელს ისაუბრა. იმ დროს, პროექტის გაჭიანურების მთავარ მიზეზებს შორის გიორგაძე ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავებას და ტერიტორიაზე სასმელი წყლის საკითხის მოუგვარებლობას ასახელებდა.

„გრინ სითის" პროექტი 2015 წელს დაიწყო და მთავრობის სერიოზული მხარდაჭერა გვქონდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოსული იყო ევროპის საინვესტიციო ბანკი, დანიური კომპანიის ხელმძღვანელობა, რომელსაც გაკეთებული აქვს უზარმაზარი პროექტი - "მწვანე კოპენჰაგენი", მაგრამ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, მას შემდეგ ვერაფრით ვერ დავიძარით ადგილიდან. პირველი ფაქტორი, რამაც პროექტი შეაფერხა, ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავება იყო; თბილისის მერიის და საკრებულოს მიერ მისი შემუშავების შემდეგ იყო წყლის საკითხი, რომელიც „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს“ უნდა მოეგვარებინა. არ ვიცოდით, თბილისის გარშემო რა უნდა ყოფილიყო და სად შეგვეძლო მშენებლობა“, - ამბობდა ნოდარ გიორგაძე 2020 წელს, BM.GE-სთან საუბრისას.

“გრინ სითის” მასშტაბურობიდან გამომდინარე, ამ პროექტის შესახებ ნოდარ გიორგაძეს კიდევ ერთხელ ვესაუბრეთ, ახლა უკვე 2023 წელს. ინვესტორის შეფასებით, პროექტი წარსულს არ ჩაჰბარებია და მასზე მუშაობა დღესაც გრძელდება. მეტიც, ინვესტორის თქმით, “გრინ სითის” პროექტით საქართველოც მთავრობა დაინტერესდა, რის გამოც, პროექტის დაწყებას ნოდარ გიორგაძე წელს აანონსებს. ამასთანავე, ნოდარ გიორგაძის თქმით გაიზარდა ინვესტიციაც - პროექტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ნახევარ მილიარდ ევროდ იყო შეფასებული, ამჟამინდელი გათვლებით 750 მილიონი ევრო დაჯდება.

“ეს პროექტი დღესაც მოქმედებაშია - ახლა, გააქტიურებული გვაქვს მუშაობა ქალაქის მერიასთან და შეთანხმებამდე უკვე მივედით. სხვათა შორის, ამ პროექტმა სახელმწიფოს მხარდაჭერა შეიძინა, რადგან ყველა მივიდა იმ დასკვნამდე, რომელსაც წლებია, რაც ვამტკიცებ, რომ თბილისის ზღვის ასეთი ფორმით დატოვება არასწორია. თბილისის ზღვამ უნდა შეიძინოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დედაქალაქისა და მისი სტუმრებისათვის, რადგან დასვენებისა და ტურიზმის უკეთესად განვითარების საშუალება, უბრალოდ არ არსებობს - ასე არის საქალაქო განაშენიანების კუთხითაც. ამგვარად, როგორც ვიცი, ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობაში ახლა ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის და მათ შორისაა ჩვენი პროექტიც, როგორც ამ ხედვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ღრმად მწამს, რომ 2023 წელი იქნება არამარტო გარდატეხის წელი, არამედ მშენებლობის დაწყებასაც შევძლებთ და შევქმნით იმ მართლაც ჭკვიან და მწვანე ქალაქს, რომელიც ჩაფიქრებული იყო, როგორც სავიზიტო ბარათი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის”, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ BMG TV-სთან საუბრისას.

ცნობისთვის: “გრინ სითი” პირველი მსხვილმასშტაბიანი პროექტი არ არის, რომელსაც “ჯინო ჰოლდინგი” თბილისის ზღვის მიმდებარედ ახორციელებს. ჰოლდინგის მიერ საქართველოსა და სლოვაკეთში ბოლო ათი წლის განმავლობაში ინვესტირებული კაპიტალი 240 მილიონ ევროს შეადგენს - აქედან საქართველოში, დღემდე, 87 მილიონი ევრო არის ინვესტირებული. ნოდარ გიორგაძის თქმით, მომდევნო ხუთ წელიწადში, „ჯინო ჰოლდინგი“ თბილისში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.