მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს სლოვაკეთში, “ჯინო ფერედაისის” ტერიტორიაზე 1,700 საწოლია" - ნოდარ გიორგაძე

63d770b04a1a0
გიორგი არონია
05.02.23 20:00
1241
“დღეს სლოვაკეთში, “ჯინო ფერედაისის” ტერიტორიაზე 1,700 საწოლი გვაქვს, რომელთა საშუალო წლიური დატვირთვა 72%-ს შეადგენს. ზაფხულში, ეს მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს და ეს ერთი პროცენტიც იმიტომაა, რომ რეზერვს ვიტოვებ, - ასე აფასებს BMG TV-სთან საუბრისას მსხვილი ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიის, “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელი, ნოდარ გიორგაძე მის სლოვაკურ ბიზნესს.

შეკითხვაზე, თუ რა კონცეფციისაა ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ჯინო აკვამარინი”, რომელიც ცოტა ხნის წინ, თბილისის ზღვაზე გაიხსნა, ნოდარ გიორგაძე პასუხობს, რომ ამ პროექტში ახალი არაფერია, რადგან ანალოგიური პროექტი “ჯინო ჰოლდინგს” სლოვაკეთშიც აქვს განხორციელებული.

“პირდაპირ რომ გითხრათ, ჩემთვის ეს სიახლე არ არის, რადგან მსგავსი პროექტი სლოვაკეთშიც მაქვს განხორციელებული. იქაც ანალოგიურად დავიწყეთ - აკვაპარკი ავაშენეთ, რომელსაც სასტუმრო მივამატეთ. როგორც ვნახეთ, ერთმანეთთან მიმართებით პროექტები სინერგიული იყო, ასე რომ პროცესი გავაგრძელეთ. დღეს, სლოვაკეთში, აკვაპარკ “ჯინო ფერედაისის” ტერიტორიაზე 1,700 საწოლი გვაქვს, რომელთა საშუალო წლიური დატვირთვა 72%-ს შეადგენს. ზაფხულში, ეს მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს და ეს ერთი პროცენტიც იმიტომაა, რომ რეზერვს ვიტოვებ - ძალიან ახლობელი ადამიანის მიღება რომ შეძლო, თუ მთხოვა”, - აღნიშნავს ნოდარ გიორგაძე.

ინვესტორის შეფასებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ დასასვენებელ ინფრასტრუქტურას გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე მის სლოვაკურ ანალოგს, რადგან თბილისში მდებარე ტერიტორია არათუ სამჯერ უფრო დიდია, არამედ მეტად მოსახერხებელიცაა.

“ანალოგიური ხორციელდება ახლა აქ, ჩვენთან და საერთოდ, ამ ადგილს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას, გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე იმ ტერიტორიას სლოვაკეთში. იქ, ერთი მხრიდან, შეზღუდულები ვართ რკინიგზით, მეორე მხრიდან მდინარით, მესამე მხრიდან წყალსაცავით, მეოთხე მხარეს კი დასახლებული ტურისტული პუნქტია. საერთო ჯამში, იქ რვა ჰექტარი, აქ კი ოცდაოთხი ჰექტარი მიწას ვფლობთ. ამასთანავე, დამტკიცებული გვაქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) ულამაზესი პროექტებით, მათ შორის, სანაპირო ზოლის მოწყობა, ტყის პარკის ათვისება, საცხენოსნო ტურიზმი, “ვესტერნ სიტი”, პრომენადა - ოცმეტრიანი დასასვენებელი ქუჩა, რომელიც უშუალოდ ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

ღრმად მწამს, რომ ადრე თუ გვიან, თბილისის ზღვის გარშემო მდებარე ტერიტორიაზე, რომლის პერიმეტრი ოცდახუთ კილომეტრს შეადგენს, აუცილებლად უნდა გაკეთდეს პრომენადა. პრომენადას თუ გააკეთებ, ყველაფერი ის, რაც დღეს წყალში ჩადის, მათ შორის ხალხი, ცხვარი, ძროხა და მანქანა, იქ ვეღარ ჩავა - არადა, ეს წყალი ქალაქის სასმელი არტერიაა. ამავდროულად, აქ იქნება ძალიან ლამაზი დასასვენებელი და სასეირნო, ერთი სიტყვით უნიკალური ადგილი, თავისი ხედებით და სიმშვიდით”, - აღნიშნავს ნოდარ გიორგაძე BMG TV-სთან საუბრისას.

ქართულ-სლოვაკური გეგმების გარდა, ნოდარ გიორგაძემ BMG TV-სთან მისი ევროპული ბიზნესის შედეგებზეც ღიად ისაუბრა. ინვესტორის შეფასებით, დღეს, “ჯინო ჰოლდინგზე” სლოვაკური ტურიზმის 12% მოდის, მაგრამ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, კომპანია ამ წილის 20%-მდე გაზრდას გეგმავს.

ცნობისთვის: “ჯინო აკვამარინი” პირველი მსხვილმასშტაბიანი პროექტი არ არის, რომელსაც “ჯინო ჰოლდინგი” თბილისის ზღვის მიმდებარედ ახორციელებს. ჰოლდინგის მიერ საქართველოსა და სლოვაკეთში ბოლო ათი წლის განმავლობაში ინვესტირებული კაპიტალი 240 მილიონ ევროს შეადგენს - აქედან საქართველოში, დღემდე, 87 მილიონი ევრო არის ინვესტირებული. ნოდარ გიორგაძის თქმით, მომდევნო ხუთ წელიწადში, „ჯინო ჰოლდინგი“ თბილისში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები