მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაკეთდა ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით ჩეხეთსა და ბულგარეთში?

60361ca3907fe
BM.GE
24.02.21 13:25
643
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების გაწეული აქტივობების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია  2 ქვეყანაში ჩეხეთსა და ბულგარეთში გაწეულ საქმიანობას ეხება.

გთავაზობთ ინფორმაციას:

ჩეხეთის რესპუბლიკა

- 2021 წლის 10 თებერვალს, ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, დაარსდა საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატა, რომელსაც უხელმძღვანელებს ჩეხი ბიზნესმენი დანიელ მაჰოვსკი, ვიცე პრეზიდენტი მეწარმე ვაჟა კიკნაველიძე. პალატის პარტნიორი ორგანიზაცია ქართული მხრიდან, საქართველოს ბიზნეს საბჭოა. სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობაში არჩეული პირები წარმატებული ბიზნესმენები არიან, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოში ჩეხური ინვესტიციების მოზიდვით და საქართველოში წარმოებული პროდუქციის ჩეხეთში იმპორტით. საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო პალატის მიზანია საქართველოსა და ჩეხეთის კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება. ასევე, ორ ქვეყანას შორის აკადემიურ სფეროში ურთერთქმედება და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. სავაჭრო პალატის მიერ 2021 წლის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელიც საქართველოში ჩეხური ინვესტიციებისა და ექსპერტიზის ექსპორტს ითვალისწინებს. პირველი მაშტაბური ღონისძიება - ბიზნეს ფორუმი, იგეგმება ა.წ. მაისში ქ. პრაღაში. ჩეხეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. ინვესტიციების ძირითადი წილი ენერგეტიკის სფეროზე მოდის. ბოლო წლების განმავლობაში დაიწყო რამდენიმე მსხვილი პროექტი ტურიზმის სფეროში. ასევე მზარდია ჩეხეთიდან საქართველოში ტურიზმის დინამიკა.

- 12 თებერვალს, ქ. ბრნოში გაიხსნა საპატიო კონსულის ოფისი. ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის თანამდებობაზე დაინიშნა ბატონი ონდრეი სვობოდა. საპატიო კონსულის ოფისის გახსნა მნიშვნელოვანია ჩეხეთის ერთ-ერთ მდიდარ მორავიის რეგიონთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით. საპატიო კონსულის ფუნქცია სწორედ მორავიის მხარეში საქართველოს პოპულარიზაცია, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა იქნება. ონდრეი სვობოდა არის ჩეხი ბიზნეს დეველოპერი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს საქართველოსთან. მისი საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია სამედიცინო სფეროსთან. იგი არის კომპანია „ზაფაქს მედიქალის“ მმართველი.

ბულგარეთის რესპუბლიკა

22 თებერვალს, ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ვიდეო კონფერენცია საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის სავაჭროსამრეწველო პალატების მონაწილეობით. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან მონაწილეობდნენ: პალატის თავმჯდომარე გიორგი პერტაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე პაპიაშვილი, მაგდა ბოლოთაშვილი და მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი, ხოლო ბულგარეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან: პალატის თავმჯდომარე ცვეტან სიმეონოვი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გაბრიელა დიმიტრივა.

შეხვედრაზე გიორგი პერტაიამ და ცვეტან სიმეონოვმა ისაუბრეს პალატების საქმიანობაზე პანდემიის პირობებში, შესაბამისად, საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკაში არსებულ ვითარებაზე და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. პალატებს შორის, ასევე, მოხდა პრეზენტაციების უშუალო გაცვლა, რათა ორივე მხარეს უკეთესი შესაძლებლობა მიცემოდა, გაეცნო ვიზავის საქმიანობა და გეგმები. საუბარი შეეხო პალატების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათთან გამკლავების შესაძლო გზებს. მხარეები შეთანხმდნენ მეტ სამომავლო კომუნიკაციაზე და ბულგარეთის სავაჭროსამრეწველო პალატამ მზაობა გამოთქვა, დაეხმაროს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, უცხოური პარტნიორების მოძიებაში. ხაზგასმულ იქნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა და ამასთან დაკავშირებით, მიღწეულ იქნა შეთანხმება პალატებს შორის სამომავლოდ ონლაინ კონფერენციის დაგეგმვა-გამართვაზე.

სანამ პანდემიიდან გამომდინარე ვიზიტების განხორციელება პრობლემატურია, შეხვედრები მოხდება ონლაინ ფორმატში, სადაც პალატები ჩართავენ საქართველოსა და ბულგარეთის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. ამ უკანასკნელთ მიეცემათ ერთმანეთში ინფორმაციისა და კონტაქტების გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის შესაძლებლობები. ამასთან, ცვეტან სიმეონოვი მიწვეულ იქნა საქართველოში ვიზიტის განსახორციელებლად.

ონლაინ კონფერენციამ პოზიტიურად და ნაყოფიერად ჩაიარა და მხარეები შეთანხმდნენ აქტუალურ საკითხებსა და მნიშვნელოვან სიახლეებზე ინფორმაციის რეგულარულ გაცვლაზე. ბულგარეთსა და საქართველოს შორის მრავალი შესაძლებლობის აღმოჩენის საშუალებაა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესების დაკავშირების“- განაცხადა ბულგარეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ლილუაშვილმა. მისივე განმარტებით, საქართველოს საელჩო მზად არის აქტიური როლი შეასრულოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში.