მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოცდილება აქვს რომეო მიქაუტაძეს, რომელსაც მინისტრმა ენერგეტიკის მიმართულება ჩააბარა

61cac28cd2b49
მარიამ ვარადაშვილი
28.12.21 11:49
5472
ნათია თურნავას მოადგილედ დღეს რომეო მიქაუტაძე დაინიშნა. ის 2019 წლიდან დღემდე თბილისის მერიაში, შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი იყო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის მიმართულებას უნდა უხელმძღვანელოს. მინისტრის მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დავით თვალაბეიშვილი "ესკოს" გენდირექტორი გახდა. ნათია თურნავას სულ 7 მოადგილე ჰყავს. 

რომეო მიქაუტაძის CV

რომეო მიქაუტაძე 2018-2019 წლებში შპს „ენერგოტრანსის” დირექტორი იყო. ასევე ხელმძღვანელობდა ენერგეტიკის განვითარების ფონდს (GEDF).

2017-2018 წლებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, ენერგეტიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების შერწყმის შედეგად გაერთიანებულ სამინისტროში კი მინისტრის მოადგილის თანამდებობები.

2013-2017 წლებში სს გეს „საქრუსენერგო“ ჯერ გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ გენერალური დირექტორი იყო. მანამდე ამავე კომპანიაში (2009 წელს) შესყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მინისტრის მოადგილეს ნამუშევარი აქვს სხვადასხვა ენერგეტიკულ კომპანიაში, მათ შორის, ისეთ ჰიდროელექტროსადგურებში, როგორიცაა „ვარციხე ჰესების კასკადი“, „ზაჰესი„, „ხრამჰესები“ „ჩხოროწყუჰესი“. კერძოდ, 2008 – 2009 წლებში იყო შპს „ჯეოინკორს“ - გენერალური დირექტორის მოადგილე ენერგეტიკის საკითხებში („ჩხოროწყუჰესი“, „კინკიშაჰესი“, „რუსმეტალი“).

2006-2008 წლებში მიქაუტაძე სს „ზაგესი 2006“ - გენერალური დირექტორის მოადგილე და ტექნიკური დირექტორი იყო. 2005-2006 წლებში კი „ვარციხე ჰესების“ კასკადის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

მიქაუტაძე ასევე იყო 2004-2005 წწ. ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მინისტრის მთავარი მრჩეველი, ხოლო 2004 წელს - ენერგოზედამხედველობის და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2003 – 2004 წლებში ის ასევე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯერ განყოფილების უფროსის მოადგილედ, შემდეგ განყოფილების უფროსად, ბოლოს კი სამმართველოს უფროსად.

რაც შეეხება განათლებას, თურნავას ახალ მოადგილეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. აქვე მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში. 2004-2005 წლებში რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში სწავლობდა.