მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განაცხადი შეიტანა APM-მა სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში? - ხელმძღვანელის განმარტება

5e455647882a6
ვიქტორია მღებრიშვილი
13.02.20 18:15
1714

სამშენებლო ნებართვაზე მოთხოვნა არ შემოსულა, მოთხოვნა არის შემოსული მიწის ნაკვეთის სამშენებლო პირობების დადგენისთვის, - ამის შესახებ BM.GE-ს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით გიგინეიშვილმა, APM Terminals-ის მიერ სააგენტოში შესული განცხადების შინაარსზე საუბრისას განუცხადა.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვერ ასახელებს ზუსტ ფართობს, რომელზეც ინვესტორს სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მოთხოვნა აქვს, თუმცა ამბობს, რომ რამდენიმე ათეულობით ჰექტარზეა საუბარი.

"სამწუხაროდ, ზეპირად იმას ვერ გეტყვით, რა ფართობზეა განაცხადში საუბარი, საკმაოდ დიდი ფართობია და რამდენიმე მიწის ნაკვეთია ამით მოცული. განაცხადში წერია, უბრალოდ მე თან არ მაქვს განაცხადი და ვერ გეტყვით ზუსტად. რამდენიმე ათობით ჰექტარზეა საუბარი. ეს არის მიწის ნაკვეთები, რომელიც ზღვის ზოლს წარმოადგენს", - ამბობს დავით გიგინეიშვილი.

კითხვაზე, რა დრო დასჭირდება განაცხადზე პასუხის გასაცემად უწყებას, სააგენტოს ხელმძღვანელი მათი მხრიდან 30 დღეს ასახელებს და დასძენს, რომ ეს მხოლოდ სააგენტოზე არ არის დამოკიდებული.

"კანონმდებლობის შესაბამისად, ამის დადგენისთვის 30 სამუშაო დღე გვაქვს, რომლის განმავლობაშიც ჩვენ უნდა გადავაგზავნოთ განაცხადი სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში, მათ შორის, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში, ქონების ეროვნულ სააგენტოში, ფოთის მუნიციპალიტეტში და ყველა უწყებაში, რომელიც მიწის ნაკვეთის სამშენებლო პირობების დადგენასთან შემხებლობაშია და მათი პასუხების საფუძველზე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.

ჩვენი მხრიდან 30 დღე არის საჭირო, ოღონდ სხვა ორგანოების ჩართულობის დროს ჩვენი ვადების მიმდინარეობა ჩერდება იმ დროით, რა დროც სჭირდება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს პასუხის გაცემისთვის", - განმარტავს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ეს სტადია არ მოიცავს პროექტის და მასში შემავალი დეტალების მოთხოვნას, შესაბამისად მათ არ შეუძლიათ გააკეთონ იმაზე განცხადება, რისი აშენება სურს ამ მიწის ნაკვეთებზე APM Terminals-ს.

"პროექტი ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ არის, უბრალოდ ითხოვენ, შეუძლიათ თუ არა ამ მიწის ნაკვეთზე რაიმეს მშენებლობა და ეს არის ახლა. პროექტი, ან სიღრმეები არ არის წარმოდგენილი იმის გამო, რომ კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული", - აღნიშნავს დავით გიგინეიშვილი.

BM.GE-ს კითხვაზე, რატომ არ დააკმაყოფილა სახელწიფომ APM Terminals-ის განაცხადი გასულ წელს, რომელიც ასევე მიწის სამშენებლო პირობების დადგენას ეხებოდა, სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ "წინა მოთხოვნის უარყოფის მიზეზი მიწის ნაკვეთების შეუსაბამობა იყო".

"ანუ ქონების სააგენტოდან, ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან არ იყო გაცემული თანხმობა, ეს არის პროცედურის ფორმალური დარღვევა, რამაც გამოიწვია გამოყენების პირობის გაუქმება", - განაცხადა დავით გიგინეიშვილმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები