მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გარანტიაა, რომ შესყიდულ ჩინურ ვაქცინას ავითვისებთ? - გამყრელიძის პასუხი BM.GE-ს

6065cd24c31ad
ინგა მურუსიძე
01.04.21 17:38
2652
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინური ვაქცინა საქართველომ პირდაპირ მწარმოებლისგან შეიძინა. მისივე თქმით, ვაქცინის შეძენაში ჩართული იყო მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური არხები.

BM.GE-ს კითხვაზე, იმ დაშვებით, რომ „ასტრაზენეკას“ მიმართ საკმაო უნდობლობაა, ხოლო ჩინური ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ აქვს, რა გარანტია, რომ შესყიდულ ვაქცინაში თანხა ტყუილად არ გადავიხადეთ, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ ამის გარანტია არ არსებობს, თუმცა ქვეყანაში ვაქცინა უნდა იყოს.

„ზოგადად, როცა ქვეყანა ვაქცინებს და შრატებს ყიდულობს, ასეთ სტრატეგიულ სამკურნალო თუ პრევენციულ საშუალებებს, გარანტია იმის, რომ სრულად აითვისებ, არასდროს არ არის. მაგალითად წელიწადში გველის შხამის საწინააღმდეგო მედიკამენტს ვყიდულობთ 300-400-500 დოზას, იქიდან შეიძლება გვქონდეს 10-20 დაკბენა, მაგრამ ის უნდა გქონდეს ყველა რეგიონში, ყველგან. ნაწილი გაფუჭდება და უნდა ჩამოწერო, თუმცა რომ არ გქონდეს და ადამიანი დაიღუპოს იმის გამო, რომ შრატი არ გქონდა, ტრაგედიაა, დანაშაულია. იგივეა მაგალითად ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა, ანტიტეტანური შრატი.

ეს არის სტრატეგიული დანიშნულების პრეპარატები, რომელიც ქვეყანაში უნდა იყოს, მათ შორის კოვიდ-ვაქცინა, რომელიც არის სტრატეგიული დანიშნულების და ის ქვეყანაში უნდა იყოს. ადამიანს თუ ექნება არჩევანი, გაიკეთებს იმას, რომელი ვაქცინაც სურს. პანდემიის და ეპიდემიის დამარცხება გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე, ამიტომ ეს ვაქცინა ქვეყანაში უნდა იყოს. გვაქვს სკეპტიციზმი „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში და ვფიქრობ, ეს სკეპტიციზმი დაიძლევა. აქ მეტი კომუნიკაცია გვჭირდება თქვენთან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თავის მხრივ, გამყრელიძის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვაქცინაციისადმი უნდობლობის დაძლევა მხოლოდ მედიას შეუძლია.

„მედიას, თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი. მედიამ მე გამომიყვანა, თითქოს ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ვარ. არადა ეს ხომ არ შეიძლება. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, მათ შორის ვაქცინებისადმი უნდობლობის დაძლევაც. ნახეთ NDI-ს კვლევა და იმის მერე იმოქმედეთ ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ“, - მიმართავს იმნაძე მედიას.