მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა იქონია პანდემიამ „მეამაზე“ - ყავის კომპანიის სტრატეგია და მოლოდინები

5f60c31420a8e
ვიქტორია მღებრიშვილი
15.09.20 22:00
2215
„მეამა“ ბაზარზე ძირითადად ციფრული გაყიდვის არხებით არის წარმოდგენილი, ამიტომ პანდემიასთან გამკლავება ჩვენთვის შედარებით მარტივი იყო, - ამის შესახებ BM.GE-ის, 2019 წლის ბოლოს ბაზარზე ახლად შემოსული, ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიის კომერციულმა დირექტორმა მამუკა კავთელიშვილმა განუცხადა.

მან კომპანიაზე პანდემიის გავლენის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაზარზე შემოსვლის დღიდან ციფრული გაყიდვების მიმართულებით დანერგილმა პრაქტიკამ, კომპანიას ამ რთული პერიოდის გავლა გაუადვილა, თუმცა სხვა მხრივ კომპანიას სტრატეგიაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოუწია.

„ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მარტივად, ციფრული მეთოდებით შეეძინათ მათთვის სასურველი პროდუქტი. თუმცა, საცალო გაყიდვებთან ერთად, „მეამას“ აქვს ბიზნეს და კორპორატიული მიმართულებები, მაგალითად ოფისებისთვის, ინოვაციური ვენდინგ მანქანა - დროფერი, რომლის მეშვეობით ოფისში შესაძლებელია QR კოდის დასკანერებით სასურველი კაფსულის მიღება.

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შედეგად, ამ პერიოდში კომპანიების დიდმა ნაწილმა საქმიანობა დისტანციურად გააგრძელა - შესაბამისად ცარიელ ოფისებში დროფერის აქტიური მოხმარება დროებით შემცირდა. ასევე, როგორც ცნობილია, პანდემიის გამო, შეზღუდვები დაუწესდა ჰორეკა სექტორსაც - გარკვეული პერიოდი მუშაობა შეაჩერეს სასტუმროებმა, რესტორნებმა და კაფე-ბარებმა, რომელთანაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით. სწორედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ კომპანიის სამოქმედო გეგმაში და აქცენტი საცალო გაყიდვებზე გავაკეთეთ“, - განაცხადა „მეამას“ კომერციულმა დირექტორმა.

მამუკა კავთელიშვილი აღნიშნავს, რომ პანდემიის მიუხედავად, კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი პოზიტიურია.

„ციფრული გაყიდვების მეთოდმა და იმ მიდგომამ, რაც ჩვენ გვქონდა პანდემიის პერიოდში, კარგი შედეგი მოგვცა. ჩვენი გუნდი სათანადოდ მიჰყვება დასახულ გეგმას, ვაფართოვებთ ბიზნეს გადაწყვეტილებებს.

ჩვენი მიზანია როგორც საცალო, ისე კომერციული გაყიდვების მიმართულებით სწრაფი ტემპით განვაგრძოთ სვლა. სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ავითვისოთ სამუშაო სივრცეები, ჰორეკა ობიექტები, ამიტომ არსებული ზრდის ტემპის გათვალისწინებით ვვარაუდობთ, რომ გაყიდვების მაჩვენებელი გაიზრდება და ამ მიმართულებით შესამჩნევი პროგრესი გვექნება”, - აღნიშნა კომერციულმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, პანდემიის ფონზე „მეამაში“ სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა.

„გვაქვს ციფრული შიდა მენეჯმენტ სისტემა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ოფისში ყოფნის გარეშე, დისტანციურად ვიმუშაოთ, ვიყოთ ძალიან ეფექტურები და მოქნილები გადაწყვეტილების დროულად მიღების პროცესში.

პანდემიის პერიოდში არსებულმა სიტუაციამ კარგად დაგვანახა, რომ ჩვენ მიერ არჩეული ციფრული გაყიდვის არხების დანერგვისა და განვითარების მიმართულება ძალიან ეფექტური და საჭირო აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია გაყიდვების დიდი წილი სწორედ ელექტრონულ კომერციაზე მოვიდეს, რათა პროდუქტის შეძენისას მომხმარებელს უფრო მეტი კომფორტი შევთავაზოთ. ამ მიზნის მისაღწევად „მეამამ“ საკმაოდ საინტერესო საოპერაციო მოდელი შექმნა, რაც გულისხმობს, რომ სრულ კავშირშია ჩვენი გაყიდვის არხები, მიწოდების სერვისი და საწყობი.

ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ, რომ „მეამას“ ციფრული კომერციის პლატფორმა მაქსიმალურად გამართული და მორგებული იყოს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე“, - უთხრა BM.GE-ის მამუკა კავთელიშვილმა.