მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს „ქუთაისის პარლამენტის" შენობა, რომელსაც მთავრობამ 3.5 წელია ფუნქცია ვერ მოუძებნა

62ac58c3e0a79
თელარა გელანტია
17.06.22 23:40
4697
3.5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის დეკემბერში მუშაობა დაასრულა ქუთაისში, რომელიც კონსტიტუციით 2012 წლიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი იყო და თბილისში დაბრუნდა.



კერძოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებულ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში 2018 წლის 16 დეკემბრიდან შევიდა, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. ამასთან, პარლამენტის რეგლამენტით, მისი ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი - თბილისი.



BMG პერიოდულად სვამს კითხვას - რა ფუნქცია ექნება ამ შენობას, მაგრამ ფაქტია, 3.5 წლის განმავლობაში ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების აქტივისთვის ხელისუფლებამ ვერც ფუნქცია მოიფიქრა და არც საპრივატიზაციოდ გამოუტანიათ. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ სიტყვიერი განცხადებები კეთდებოდა, საქმე კი - ნაკლებად.



მაგალითად, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობდა, რომ იქ განიხილავდა საპოლიციო ჰაბის შექმნას; იყო საუბარი იმაზეც, რომ ადგილზე განათლების და ლოგისტიკის ცენტრი მოეწყობოდა. გარდა ამისა, გიორგი გახარია იმასაც ამბობდა, რომ ქონების ღირებულების დასადგენად ყველაზე კარგი აქტივის აუქციონზე გამოტანა იყო, მაგრამ ამ დრომდე შენობა უფუნქციოდ დგას.

„ქუთაისის პარლამენტის შენობისთვის“ ფუნქციის მოძებნას პრეზიდენტიც ცდილობდა. სალომე ზურაბიშვილს იდეა ჰქონდა, რომ ადგილზე საკონფერენციო დარბაზი მოეწყოთ.

საინტერესო ინიციატივა ჰქონდა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ მამუკა ხაზარაძესაც - მან ადგილზე საფონდო ბირჟის განთავსების იდეა გააჟღერა.

უფუნქციოდ დარჩენილ შენობასთან დაკავშირებით ყველაზე ბოლო განცხადება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. 30 აპრილს, იმერეთში რეგიონული ტურნეს ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "აქტიურად მუშაობს" მსხვილ საინვესტიციო ჯგუფებთან, რათა პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარედ შეიქმნას ტექნოპარკი.

„აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარედ შეიქმნას ტექნოპარკი, რაც მისცემს საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის ქუთაისლებს, ადგილობრივებს, რომ დასაქმდნენ. ამას, მინდა მივაბა IT-სპეციალობების კურსები, უნდა გადავამზადოთ ჩვენი ათასობით ახალგაზრდა. ეს გეგმა გვაქვს, ამაზე ვმუშაობთ, არ მინდა წინასწარ საუბარი, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, ქუთაისში განვიხილავთ ტექნოპარკის შექმნას. მათ შორის არის შემოთავაზებები მსხვილი ჯგუფებისგან, ებრაული კომპანიები არიან, ასევე ევროპული, ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებსაც აქვთ სურვილი და ინტერესი. შეიძლება აქ გაკეთდეს უნიკალური, ძალიან თვალსაჩინო ტექნოლოგიური პარკი, როგორიც არის „სილიკონ ველის“ მსგავსი ამერიკაში. ორი მსხვილი ჯგუფია გამოკვეთილი, გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ ჩვენ გვინდა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული. დავასაქმოთ არა მხოლოდ ჩამოსულები, არამედ ადგილობრივები. გადავამზადოთ ისინი, IT-სპეციალობები არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსოფლიოში. კარგი IT-სპეციალისტების საშუალო ხელფასი თვეში 4-5 ათას დოლარს შეადგენს. რაც მთავარია, ისინი მოემსახურებიან არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ კომპანიებსაც. ამ და სხვა პროექტებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“, - თქვა პრემიერმა 30 აპრილს.

აღსანიშნია, რომ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისის საინვესტიციო შესაძლებლობზე პრეზენტაცია გამართა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ თქვა, რომ მხოლოდ ქუთაისში და მის მიმდებარედ 60 მლნ ლარზე მეტის სახელმწიფო ქონებაა მზად გასაყიდად. სამინისტროს ინფორმაციითვე, უკვე იდენტიფიცირებულია 25 საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონება, რომელსაც, სავარაუდოდ, აუქციონზე მალე გამოიტანენ - აღსანიშნია, რომ კატალოგში „ქუთაისის პარლამენტის შენობა“, ჯერჯერობით, ვერ მოხვდა. მიზეზი ჩვენთვის უცნობია.

როგორც BMG-მ გაარკვია, ქონება ამჟამად სახელმწიფო შპს „აქტივების მართვის და განვითარების კომპანიის“ ბალანსზეა. კომპანიამ წერილობით მოგვწერა, რომ 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, განხორციელდა ქონების გადაფასება და უძრავი ქონების ნაწილში „ქუთაისის პარლამენტის შენობის“ ღირებულება შეადგენს - 53,500,000 ლარს, ხოლო მასში განთავსებული მოძრავი ქონების ნაწილში - თითქმის 7 მლნ ლარს.

ჩვენ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან, ასევე გავარკვიეთ, რომ 3 წლის განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ქონების მოვლა-პატრონის ხარჯი მინიმუმ 2.5 მლნ ლარია. ამ თანხაში შედის გაზის, ელექტროენერგიის და ა.შ. სხვა ხარჯები.

შპს აქტივების მართვის და განვითარების კომპანიას BM.ge-მ ჰკითხა - განიხილავენ თუ არა აქტივის პრივატიზაციას. გვიპასუხეს, რომ - არა.

სახელმწიფო კომპანიას კიდვ ერთი კითხვა მივწერეთ:

Bm.ge: ბოლო სამი წლის განმავლობაში რა გააკეთა „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ“ ქუთაისში პარლამენტის შენობის აქტივის ეფექტიანად გამოყენების მიზნით? თუ არაფერი გააკეთა, რატომ?

შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია": კომპანიის წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საწარმოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს პრიორიტეტულად მიჩნეული და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ობიექტების მოვლა-პატრონობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები