მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება ძვირადღირებული ონკომედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში?

642c30785659a
ინგა მურუსიძე
04.04.23 22:30
606
ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების მიწოდების მოდელი სავარაუდოდ შეიცვლება. საქმე ის არის, რომ ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხარჯების შემცირების მოტივით, დაწყებულია მოლაპარაკებები პირდაპირ მწარმოებლებთან, რომ ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები თავად სახელმწიფომ შემოიტანოს.

"ონკოლოგიური მედიკამენტების შემთხვევაში, რეფერენტული ფასწარმოქმნის დროს, როცა ძვირადღირებული მედიკამენტებია, გვაქვს რეკომენდაცია, რომ პირდაპირ მწარმოებლებთან მოხდეს სამინისტროს, სახელმწიფოს მხრიდან მოლაპარაკებები, მწარმოებლებთან ე.წ. პირდაპირი შეთანხმებით მიიღწეს, რომ მნიშვნელოვანი ფასდაკლება გაუკეთონ სახელმწიფოს და პირდაპირ დავდოთ კონტრაქტები. ამ მხრივაც, რასაკვირველია, უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები. 80 დასახელებამდე მედიკამენტია და წლის განმავლობაში დაახლოებით 90 მილიონ ლარს ვხარჯავთ ამ მიმართულებით.

ამ მედიკამენტების დაახლოებით ათამდე მწარმოებელია და ინდივიდუალურად, პირდაპირ მწარმოებელ ქარხნებთან, მსხვილ მწარმოებლებთან გვიწევს შეთანხმება. ძალიან მალე ეს მედიკამენტები ქვეყანაში შემოვა პირდაპირ მწარმოებლიდან და ჩვენ შეგვეძლება, მნიშვნელოვნად შემცირებული თანხები გადავიხადოთ. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას როგორც ქრონიკული მედიკამენტების შემთხვევაში, ისე ონკოლოგიური მედიკამენტების, რომ სრულად დავაფინანსოთ ონკოლოგიური პაციენტების მთელი წლის საჭიროება. შესაბამისად, მოიხსნას პრობლემები, რომლებიც ლიმიტის ამოწურვას ეხებოდა. საერთოდ, ლიმიტის მოხსნაზეც გვაქვს საუბარი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მოქმედი მოდელით, პაციენტი აფთიაქში შეისყიდის მედიკამენტს, ხოლო მოგვიანებით კალკულაციის წარდგენის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჩაურიცხავს მას თანხას.

bm.ge საკითხზე მეტი დეტალით დაინტერესდა, არის თუ არა გარკვეული რა ფორმით მოხდება მედიკამენტების დისტრიბუცია, დასაწყობება, ითანამშრომლებს თუ არა სამინისტრო ამ მიმართულებით. უწყებაში ამბობენ, რომ ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მსგავს საკითხებზე განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება.

რას ფიქრობს საკითხზე სექტორი?

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ მთავარია სახელმწიფომ ბალანსი დაიცვას.

„მოდელი, როცა სახელმწიფო პირდაპირ შეისყიდის მედიკამენტს მწარმოებლისგან უკვე არსებობს. საუბარია მაღალი ღირებულების ონკოლოგიურ, ან სხვა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, რომელთა მკურნალობა ძალიან დიდ ხარჯებს უკავშირდება. მსგავსი მოდელი ბევრ ქვეყანაში არსებობს. მსგავსი შეთანხმებები საქართველოშიც არსებობს ზოგიერთი იშვიათი დაავადების მკურნალობის დროს. აქ არის პლიუსი ის არის, რომ დისტრიბუციის რგოლი აღარ მონაწილეობს და მათთვის პირდაპირი შესყიდვა ხორციელდება. იმ პირობებშიც კი, როცა დისტრიბუტორი ძალიან მცირე ფასნამატს აკეთებს, მედიკამენტი მაინც საკმაოდ ძვირდება. პირდაპირი შესყიდვა მარტივი ნამდვილად არ არის, ლოგისტიკური ჯაჭვი, დისტრიბუცია, დასაწყობება და ა.შ. საკმაოდ რთული მექანიზმია. ანუ, ეს რაღაცა ახალი და უნიკალური მომენტი არ არის. მთავარი კითხვა არის, რომელ მედიკამენტებზე გავრცელდება? ეს უნდა მოხდეს ძვირადღირებული მედიკამენტების მცირე ჯგუფზე და ამ სიების გაფართოება არ არის მიზანშეწონილი. ანუ, არსებობს მაღალი ღირებულების მედიკამენტების მცირე ნაწილი, რომელთა შესყიდვა სახელმწიფოს მხრიდან მიზანშეწონილია, და არის დანარჩენი მედიკამენტი, რომელთა სეგმენტშიც სახელმწიფო ნაკლებად უნდა ჩაერიოს. შესაძლოა იყოს რეგულირება, მათ შორის რეფერენტული ფასების მოდელით, თუმცა ბაზარში არ უნდა ჩაერიოს და უნდა შემოიფარგლოს მაღალი ღირებულების მედიკამენტებით. ეს მოდელი აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში, თუმცა მთავარია ბალანსი იქნას დაცული“, - განაცხადა მარგველაშვილმა.