მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯგუფის ადამიანები გვიკვდება covid-ით და რატომ? - დეპუტატები პასუხს მთავრობისგან ითხოვენ

61c318de3522f
ინგა მურუსიძე
22.12.21 16:27
608
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში, რომლითაც მთავრობას covid-რეგულაციების დაწესების უფლება 2023 წლამდე უგრძელდება.

საკითხის განხილვას პარლამენტში დიდი ხმაურით არ ჩაუვლია; კრიტკული კითხვები არ გასჩენიათ უმრავლესობის დეპუტატებს, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა. რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი კი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, კოვიდის მართვის ეფექტიანობით დაინტერესდა.

ოპოზიციონერი დეპუტატები მთავრობისთვის უფლებამოსილების გაგრძელების წინააღმდეგნი არიან და დასვეს კითხვები, რამდენად ხდება სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების კვლევა. დეპუტატები ფიქრობენ, რომ პარლამენტი "ხელებს იბანს" და გადაწყვეტილებების მიღებას სრულად აკისრებს მთავრობას, რომელიც "გადაწყვეტილებებს თვითნებურად, ყოველგვარი პასუხის მოთხოვნის გარეშე იღებს".

ამასთან, „ლელოს“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ მთავრობისთვის რეგულაციების დაწესების უფლების მინიჭებას საპარლამენტო კონტროლიც სჭირდება.

ანა ნაცვლიშვილმა განმარტა, რომ სწორი მიზეზების დადგენა ექიმებს მისცემს შესაძლებლობას, ხარვეზები გამოასწორონ და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდეს.

„2 თვის წინ მივმართე კითხვით ჯანდაცვის სამინისტროს, სწავლობს თუ არა უწყება სიკვდილიანობის მიზეზებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, თუ გვინდა დავინახოთ, რამე ხარვეზი ხომ არ აქვს ამ სისტემას. არავინ გაბედოს ისრების გადატანა ექიმებსა და ექთნებზე. თუ გვინდა, რეალურად, სიკვდილიანობის შემცირება, სისტემა უნდა სწავლობდეს რატომ დადგა სიკვდილიანობა, რამდენი იყო გარდაცვალება დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო და რამდენი სხვა შემთხვევების გამო. ჯანდაცვის სამინისტროსგან მივიღე პასუხი, რომ 13 ათასი გარდაცვლილიდან მხოლოდ 29 შემთხვევას სწავლობენ, თუმცა რატომ გამოიყო ეს 29 შემთხვევა, პასუხს არ მცემენ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„სიკვდილიანობით მე-7 ადგილზე ვართ, საერთოდ არაფერი რომ არ გაგვეკეთებინა და ცხოვრება ჩვეულებრივ გაგვეგრძელებინა, სად ვიქნებოდით, - პირველ ადგილას? ჩხუბი არ მინდა, მინდა ვიცოდე, სადღეგრძელოს დონეზე კი არა, მინდა ვიცოდე, რა კატეგორიის, რა პროფილის ადამიანები გვიკვდება? რამე მსგავსი ინფორმაცია როდისმე გამოუტანია სამინისტროს? წელიწადნახევარი გავიდა, ამდენი ფული დავხარჯეთ, შევისწავლეთ ვინ მოგვიკვდა და რითი? გავიგეთ რამე?“, - თქვა „გირჩის“ წევრმა პარლამენტში ვახო მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის: ანა ნაცვლიშვილი დღესვე გამოვიდა ინიციატივით, რომ კოვიდით გარდაცვლილთა სახელზე მემორიალი დაიდგას.