მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის ინვესტიციები აქვთ დაგეგმილი საქართველოში მოქმედ ენერგოკომპანიებს - რეიტინგი

5fd38db68a2e6
შოთა ტყეშელაშვილი
11.12.20 19:40
1039
საქართველოში მოქმედმა ენერგოკომპანიებმა სატარიფო განაცხადების ფარგლებში სემეკს მათ მიერ 2025 წლის ჩათვლით დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ წარუდგინეს ინფორმაცია. არსებული მდგომარეობით, ელექტროენერგიის ბაზრის მოთამაშეები ამ პერიოდში 1.26 მილიარდი ლარის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. ეს თანხა როგორც გამანაწილებელი ქსელის გაფართოებაზე, ასევე ელექტროსადგურების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება. კერძო სექტორს შორის დაგეგმილი ინვესტიციებით პირველ ადგილზე ენერგო-პრო ჯორჯიაა, სახელმწიფოს კუთხით კი ყველაზე მსხვილ ინვესტიციას სსე(საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა) განახორციელებს. 

სემეკის ინფორმაციით, ენერგეტიკული კომპანიების საინვესტიციო პროექტები ასეთია:

1) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სულ 464,199,775 ლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. სემეკთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად განხორციელდება შემდეგი პროექტები: ორჯაჭვა 220 კვ ეგხ “ოდიში 1,2” (ჯვარი-ხორგა 60 სმ სიგრძის ხაზი, ორჯაჭვა 220 კვ ეგხ შუახევი-ახალციხე, 90 კმ სიგრძის ხაზი, 500 კვ ეგხ ლაჯანური-წყალტუბო, 220/110 კვ ქ/ს „ოზურგეთი“ და ა.შ.

2) სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ - 424,693,211 მილიონ ლარის ინვესტიციებს განახორციელებს. გამანაწილებელი კომპანიების საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქვესადგურების, საჰაერო გადამცემი ხაზების, საკაბელო მეურნეობების და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის სხვა კომპონენტების მშენებლობას, რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას, რაც აუცილებელია მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდებისთვის.

3) ელექტრონერგიის წარმოების ლიცენზიატების გეგმების მიხედვით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ (რიონჰესი, ლაჯანურჰესი, გუმათჰესების კასკადი, ძევრულჰესი) 2020-2022 წლების საინვესტიციო მოცულობა 112,195,987 ლარს შეადგენს. კერძოდ, 2020 წელს ფაქტობრივი მონაცემებით განხორციელდა 6,699,049 ლარის ინვესტიცია, 2021 წელს განხორციელდება 64,203,260 ლარის, ხოლო 2023 წელს - 41,293,676 ლარის ინვესტიცია. სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, გეგმის ფარგლებში გენერაციის ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.

4) შპს „ენგურჰესის“ 2020-2022 წლების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონ ლარამდეა. სემეკთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ენგურჰესის რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაზე. შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ 2020-2022 წლების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 12,800,00 ლარს შეადგენს, რომელიც ითვალისწინებს ჰიდროაგრეგატების და ტრანსფორმატორების შეცვლა-განახლებას.

5) სს „თელასი“ 2021-2025 წლებში სულ 87,358,462 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

6) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული „ჟინვალჰესის“ 2020-2022 წლების ჯამური საინვესტიციო გეგმა 10,337,954 ლარია. საინვესტიციო პროექტებით განსაზღვრულია როგორც ჟინვალჰესის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაცია, ისე ჰიდროაგრეგატების კაპიტალური შეკეთება, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ძალოვანი დანადგარების შეცვლა-განახლება.