მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ოდენობის ზარალს ითვლის საქართველოში ყვავილების ბიზნესი?

5e9f2140b2d21
მარიამ ადამია
21.04.20 22:10
1671
დღევანდელი მდგომარეობით, ზარალი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგია, რამდენიმე ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა, თუ ონლაინ კომერციაზე ნებართვის უფლებას კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ მიიღებენ, სავარაუდო ზარალი 20-30 ათას ლარს გაუტოლდება,” - ამის შესახებ ყვავილების კომპანია “ამელის” დამფუძნებელმა, ნუკა ბარბარე ჩოხელმა, გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა. 

მისივე თქმით, პირველივე ეტაპზე, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქვეყანაში, მათ შევზღუდეს ყვავილების შემოტანა ჰოლანდიიდან და "ეს იყო ყველაზე დროული და სწორი გათვლა, რაც გავაკეთეთ, რადგან ავიცილეთ თავიდან ძალიან დიდი ზარალი, რომელიც ჩვენს ბიზნესს მიადგებოდა". 

გარდა ამისა, ნუკა ბარბარე ჩოხელის თქმით, არსებული მდგომარეობა ყვავილების ბიზნესს საფრთხეს უქმნის, რადგან გაზაფხული როგორც წესი ყველაზე დატვირთული დროა, რომელსაც მოსდევს პასიური ზაფხულის პერიოდი და გაზაფხულის რეზერვი ყოველთვის ავსებდა მაღაზიაში ზაფხულის რთული პერიოდის ეკონომიკურ სიცარიელეს.

“ახლა კრიზისულ სიტუაციაში ვართ და ალბათ ეს მდგომარეობა კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე დადებული განაცხადი ონლაინ-კომერციაზე ჩვენ პირველივე დღეს შევავსეთ და ახლა რეალურად მოლოდინის რეჟიმში ვართ, რომ მივიღოთ ნებართვა და გავაგრძელებთ მუშაობას, თუმცა ეს მოლოდინის რეჟიმი უკვე 3 კვირაა გრძელდება. რაც შეეხება მომხმარებლების რაოდენობას, საქართველოში პირველი დაინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ, ანუ თებერვლის ბოლოდან დაიწყო მომხმარებლის კლების პროცესი. თუმცა, დღეს ეს მაჩვენებლები შეიცვალა და მოთხოვნა კარანტინის პერიოდში მეტად გაიზარდა. ყოველდღიურად მოგვდის წერილი და შეკვეთა. გამომდინარე იქედან, რომ კრიზისული სიტუაციის ფონზე ყურადღების გამოხატვის დამადასტურებელი პროდუქტი ან სერვისი აღარ იშოვება ქვეყანაში, ადამიანები უფრო გააქტიურდნენ ყვავილების მიმართულებით და ყველაზე რთული არის სწორედ მათთვის უარის თქმა,” - განაცხადა ამელის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყვავილების გლობალური გაყიდვის მიმართულებით, სავარაუდო ზარალი, 8,5 მილიარდ დოლარს უტოლდება, დახურულია როგორც მაღაზიები, ასევე ყვავილების მწარმოებელი დაწესებულებები ყველგან, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი ჯერ დადასტურებული არ არის.