მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პასუხი მიიღეს რესტორატორებმა ეკონომიკის სამინისტროსგან 1 კვირის შემდეგ

5fd877cbed23b
ვიქტორია მღებრიშვილი
15.12.20 13:33
981
ერთი კვირის წინ, 8 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრის რანგში ნათია თურნავა სარესტორატორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. სექტორის მიერ შეხვედრაზე დასმულ საკითხებზე გადაწყვეტილებები სამინისტროს 1 კვირაში უნდა მიეღო. ნათია თურნავა შეხვედრის შემდეგ აცხადებდა, რომ დარგის მიერ დასმული საკითხებიდან ნაწილი მთავრობის მიერ უკვე გადაწყვეტილი იყო და შეხვედრაზე ტექნიკურ თემებზე ისაუბრეს. BM.GE დაინტერესდა რა საკითხებთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილებები სამინისტრომ და რა მნიშვნელობა აქვს ამას სექტორისთვის.

საქართველოს რესტორნების ასოციაციის თანადამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის თქმით, კომუნიკაციის შედეგად, რომელიც პრემიერის მონაწილეობით დაიწყო და ეკონომიკის მინისტრით გაგრძელდა, რიგი საკითხებისა, ისეთი როგორიცაა: სესხების სუბსიდირება, რესტორნების თანამშრომლებზე საშვები დაშვება და სექტორალური შეხვედრების დაგეგმვა, დღეისთვის გადაწყვეტილია.

„პირველი, რაც მნიშვნელოვანია - კვების ობიექტების სესხების სუბსიდირების პროგრამაზე განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა. სულ 1 774 განაცხადია შეტანილი და, სამწუხაროდ, ეს დაბალი მაჩვენებელია. რეალურად, 30 მლნ ლარი 1 500 სესხზეა გამოყოფილი, თუმცა ამ განაცხადების ერთი მესამედი პროგრამაში გაწერილი პირობების გამო დაიბლოკება. განაცხადების ასეთი დაბალი მაჩვენებლის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ კომპანიები რომლებმაც განაცხადები არ შეიტანეს, ან "შავ სიაში" არიან ან სახელმწიფო დავალიანებები აქვთ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და 30 მლნ უნდა დაუბრუნდეს ბიზნეს. მეორე საკითხი, რაც ამ ვითარებაში სარესტორნო ბიზნესის მოქმედებისთვის აუცილებელი პირობაა, ამით ბიზნესი ვერ გადარჩება, თუმცა ეს დელივერის გარდა რესტორნების თანამშრომლებზე საშვების დაშვებაა - რესტორნებისთვის გამოიყო სამანქანო და მაქსიმუმ 3 თანამშრომელზე საშვები; ბენეფიციარმა უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საშვებს გადამოწმების შემდეგ გასცემენ; რაც შეეხება ქსელურ რესტორნებს, მათზე დაშვებულია ერთი მანქანის და მაქსიმუმ 4 თანამშრომლის საშვი.

რა თქმა უნდა, საშვების აღნიშნული რაოდენობა საკმარისი ვერასდროს იქნება, მაგრამ როდესაც საერთოდ არ გვქონდა საშვები, ბევრი რესტორნისთვის ეს დიდი შვებაა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელის ცნობით, უწყების ჩართულობით, მიმდინარე კვირაში რესტორნებისა და დელივერი სერვისის კომპანიების შეხვედრა გაიმართება. „დელივერის სერვისის კომპანიებთან შეხვედრაზე ის პრობლემები განიხილება, რასაც სფერო ამ მიმართულებით აწყდება - ეს არის მაღალი ტარიფები, რომელიც დღეს აქვთ დელივერი სერვისის ოპერატორებს, რაც ამ დამძიმებულ მდგომარეობაში პარტნიორული ურთიერთობებს კიდევ უფრო ამძიმებს“, - განმარტა ბურჯანაძემ.

რესტორატორი სექტორისა და ეპიდემიოლოგების შეხვედრის აუცილებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ რესტორატორებისთვის შეზღუდვების ხანგრძლივობა მათ გადარჩენას განსაზღვრავს. ეპიდემიოლოგებთან შეხვედრაზე კი დარგი სწორედ შეზღუდვების დათქმულ დროზე ადრე მოხსნის არგუმენტირებულ საკითხის წამოაყენებს. „ძალიან რთული სათქმელია შეძლებენ თუ არა ბიზნესები გადარჩენას. ეს დამოკიდებულია დროზე, რაც უფრო დიდი იქნება დაპაუზების პერიოდი, მით უფრო რთული იქნება ბიზნესისთვის უკან გამოსვლა, რადგან ყოველდღიურად ხარჯები იზრდება და მატულობს პრობლემებიც. ამიტომ რაც უფრო გაიწელება დრო, მით უფრო რთული იქნება ბევრი კომპანიისთვის გადარჩენა“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.