მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროდუქტებით ვაჭრობს საქართველო სომხეთთან?

61387fd828334
შოთა ტყეშელაშვილი
08.09.21 13:21
1351
სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის 7 თვეში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ $398 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით, სომხეთმა მთლიანად საგარეო ვაჭრობაში საქართველოს მეშვიდე უმსხვილესი პარტნიორის პოზიცია დაიკავა.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ექსპორტი სომხეთში დივერსიფიცირებულია და ის მრავალი პროდუქტისგან შედგება. 2021 წლის მდგომარეობით, სომხეთში ექსპორტირებულია $126 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც $6.3 მილიონის ექსპორტით პირველ ადგილს ეთილის სპირტი იკავებს. 2020 წელს კი სომხეთში $187 მილიონიან ექსპორტში პირველ ადგილს $9.5 მილიონი დოლარის მედიკამენტები იკავებდა. 2019 წლის ჩათვლით, სომხეთი საქართველოსთვის ავტომობილებით ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი იყო. 2019 წელს საქართველოდან სომხეთში ავტოექსპორტმა რეკორდულ $235 მილიონს მიაღწია, თუმცა 2020 წლიდან სომხეთში გატარებული რეგულაციური ცვლილებების შედეგად, ეს მიმართულება მინიმუმამდე შემცირდა. 

რაც შეეხება იმპორტს, მასში წამყვანი ადგილი სპილენძის მადნებს უკავია - 2021 წლის 7 თვეში სომხეთიდან საქართველოში $234 მილიონის სპილენძის მადნები შემოვიდა, 2020 წელს კი მადნების იმპორტმა $339 მილიონი შეადგინა, თუმცა ეს პროდუქცია ადგილობრივი მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი და ის ქართული პორტების მეშვეობით რეექსპორტზე გადის. შესაბამისად, სპილენძის მადნების გამოკლებით, საქართველოს იმპორტი სომხეთიდან გაცილებით უფრო მცირეა და მხოლოდ $38 მილიონს შეადგენს.

ანალოგიურად, სპილენძისა და ოქროს მადნების რეექსპორტის გამოკლებით, სომხეთის ექსპორტი საქართველოში 2020 წელს $422 მილიონის ნაცვლად $54.9 მილიონი დოლარი იყო.