მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონებას ფლობს "თელასის" ახალი მეწილე ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია

5f5b37f607db2
შოთა ტყეშელაშვილი
11.09.20 12:44
13045
"საპარტნიორო ფონდის” მიერ გამართულ აუქციონზე “თელასის” 24.5%-იანი წილი ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, "ბესტ ენერჯი გრუპმა" 32.4 მილიონ ლარად შეიძინა. “ბესტ ენერჯი გრუპი” აუქციონში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო.

ხვიჩა მაქაცარია საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგური კომპანია CBS ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც ისეთ კომპანიებს აერთიანებს, როგორიცაა “თბილისის მიკროავტობუსი”, “თბილისი ენერჯი”, “კავკასუს ონლაინის” აქციათა 51%-იანი პაკეტი, “ეროვნული ლატარიის კომპანია” და სხვა აქტივები. ჰოლდინგს ასევე ეკუთვნის ქვეყნის მესამე უმსხვილესი მობილური ოპერატორის - "ვიონის" წილები. 

რა ქონებას ფლობს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია:

“თბილისი ენერჯი”

"თბილისი ენერჯი" - დედაქალაქის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაზე არის პასუხისმგებელი. კომპანიას 450,000-ზე მეტი აბონენტი ჰყავს და ქალაქს ყოველწლიურად 660 მილიონ კუბურ მეტზე მეტ ბუნებრივ აირს აწვდის.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2018 წელს კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 284 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სრული ზარალი კი 17.9 მილიონი ლარი იყო. კომპანიის აქტივები 140 მილიონ ლარს შეადგენს.

2006-2018 წლებში თბილისის ბუნებრივი აირის სისტემის მესაკუთრე ყაზახური კომპანია სს “ყაზმუნაი გაზი” იყო. 2018 წლის 8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისს” მესაკუთრე შეეცვალა. კომპანია ქართულმა ჰოლდინგმა CBS ჯგუფმა მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია WALTBAY LTD-ის მეშვეობით შეიძინა.

2018 წლის 27 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც “ყაზტრანსგაზ-თბილისს” საბიუჯეტო დავალიანება ჩამოეწერა. ჩამოწერა ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, რის შედეგადაც ყაზახურ მხარესთან დაწყებული საარბიტრაჟო დავა მორიგებით დასრულდა.

2019 წლის მაისში კი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც “ყაზტრანსგაზსში” სპეციალური მმართველობის 10-წლიანი რეჟიმი დასრულდა. შედეგად ახალ მესაკუთრეს კომპანიის მართვის უფლება მიეცა.

მალევე კომპანიაში რებრენდინგი განხორციელდა და მას ამჟამად “თბილისი ენერჯი” ეწოდება.

"თბილისი ენერჯის" მიერ  საჯაროდ გამოქვეყნებულ აუდიტორულ ანგარიშში წერია, რომ კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.

"ვიონი საქართველოს" ("ბილაინის") 20%-იანი წილი

"ვიონი საქართველო", რომელიც "ბილაინის" ბრენდით საქმიანობს ქვეყნის მესამე უმსხვილესი მობილური ოპერატორია, რომლის ქსელსაც 2020 წლის ივლისის მდგომარეობით 1.23 მილიონი აბონენტი ჰყავს. 2018 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავლმა 109.6 მილიონი ლარი, სრულმა ზარალმა კი 193.4 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის ზარალის მთავარი მიზეზი მისი აქტივების ღირებულების გადაფასება გახდა. შედეგად კომპანიის აქტივების ღირებულება 2017 წელს არსებული 200.4 მილიონიდან 60.9 მილიონ ლარამდე შემცირდა. 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა მაქაცარია "ვიონში" 20%-იან წილს კომპანია "მირენ ინვესტის" საშუალებით ფლობს. 

ეროვნული ლატარიის კომპანია

2017 წლის 4 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ქვეყანაში ლატარიის მოწყობის ლიცენზიის მინიჭების შესახებ ჩატარებული ტენდერის შედეგები, რომლითაც ეს უფლება 2027 წლამდე კომპანია “ჯი ენ ელს” მიენიჭა.

“ჯი ენ ელის” მიერ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშის თანახმად, კომპანიის მესაკუთრეები არიან შპს “Win” (75%-იანი წილი) და სს “New Game” (25%-იანი წილი). ამასთანავე, დოკუმენტის თანახმად, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.

კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “ჯი ენ ელის” შემოსავალმა 2018 წელს 9.9 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო კომპანიის აქტივების მოცულობა 15.6 მილიონ ლარს შეადგენს.

“კავკასუს ონლაინის” 51%-იანი წილი

“კავკასუს ონლაინი” საქართველოში მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ქსელის და შავი ზღვის ფსკერზე არსებული კაბელის მფლობელია. ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას კომპანიაში 51%-იანი წილი ეკუთვნის.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2018 წელს “კავკასუსის” კონსოლიდირებულმა შემოსავალმა 50.7 მილიონი ლარი შეადგინა, მისი აქტივების მოცულობა კი 149.7 მილიონი ლარია. კომპანია ქვეყანაში საბითუმო ინტერნეტის უმსხვილესი მიმწოდებელია.

“თელასის” 24.5%-იანი წილი

სს “თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”. საქართველო კომპანიის აქციების მინორიტარულ პაკეტს ფლობდა, ამჟამად აქციათა ეს პაკეტი ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის.

ერთი კვირის წინ “თელასმა” 2019 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა გასულ წელს 453 მილიონი ლარი შეადგინა, მისი წმინდა მოგება კი 14 მილიონი ლარი იყო.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიას დედაქალაქში 600,000 აბონენტი ჰყავს.

წყაროების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდება:

● საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 163.9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 1.28%;
● კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 258 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 2.85%;
● სახელმწიფო სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდება - 25.1 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 2.56%;
● ელექტროენერგიის ტრანზიტი - 5.9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 3.2%.

"თელასისთვის" ყველაზე დიდი ხარჯი სარეალიზაციო ელექტროენერგიის შესყიდვა იყო რამაც 2019 წელს 246.6 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიისთვის გადაცემის და დისპეჩერიზაციის ხარჯები 71 მილიონი ლარი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისთვის გადასახდელმა სარეზერვო სიმძლავრის გადასახადმა კი 44.2 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამში სს “თელასმა” ელექტროენერგიის შესყიდვაზე 361.9 მილიონი ლარი დახარჯა.
“თელასის” მთლიანი აქტივების ღირებულება 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 362.9 მილიონ ლარს შეადგენს.