მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საპროცენტო სარგებელი ერიცხება თქვენს საპენსიო ანგარიშს?

5e21a8338e486
შოთა ტყეშელაშვილი
17.01.20 17:30
2108
2019 წლის პირველ იანვარს სახელმწიფომ ქვეყნის მოსახლეობა ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემაში გააწევრიანა. სისტემიდან გამოსვლა შეეძლოთ მხოლოდ მათ, ვისი ასაკიც 40 წელს აღემატებოდა, 40 წლამდე პირებისთვის კი დაზოგვა სავალდებულოა.

საპენსიო რეფორმა საკმაოდ გრძელვადიანია და ის მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და ის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს (40 წელი და მეტი) ეხება.

დღეს, სისტემაში გაწევრიანებულია ერთ მილიონამდე მოქალაქე, ისინი საკუთარი ხელფასის 6%-ს ყოველთვიურად საპენსიო ფონდში რიცხავენ. ეს თანხა წყაროების მიხედვით ასე ნაწილდება:
  • დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს. 
  • დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს. 
  • სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში მიმართავს. 

დასაქმებულისგან განსხვავებით, დამსაქმებლებისთვის საპენსიო სისტემაში მონაწილეობა სრულად სავალდებულოა. თუ დასაქმებული ფონდში მონაწილეობას დათანხმდა (თუ დასაქმებულმა საპენსიო სისტემა არ დატოვა), მის დამსაქმებელს სხვა გზა არ რჩება, და ისიც ავტომატურად რჩება სქემაში. ჯამურად საპენსიო რეფორმაში 60,000-ზე მეტი კომპანია არის ჩართული.

კანონის მიხედვით, მოსახლეობა ამ თანხმებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დაუბრუნებს. დღეს კაცებისთვის საპენსიო ასაკი 65 წელი, ქალებისთვის კი 60 წელია.

სად მიდის და რა სარგებელი ერიცხება დღეს საპენსიო ანგარიშებს?

2020 წლის 8 იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო საპენსიო ფონდის ზომა 495,320,392 ლარს შეადგენს, აღნიშნული თანხა სააგენტოს მიერ ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში არის განთავსებული.

კერძო სექტორში დასაქმებული პირების ხელფასი კომერციული ბანკების ანგარიშებზე ირიცხება, საჯარო სექტორში დასაქმებული პირების საპენსიო დანაზოგები კი ქვეყნის ეროვნულ ბანკში არის განთავსებული.

დეპუტატ მამუკა ჩიქოვანის მიერ საპენსიო სააგენტოსთვის გაგზავნილ სადეპუტატო კითხვაზე პასუხად თუ რომელ ბანკებში არის მოქალაქეთა “მომავალი პენსიები” განთავსებული და რა სარგებელი ერიცხება მათ, საპენსიო სააგენტო პასუხობს, რომ ამ დროისთვის მოქალაქეთა დანაზოგების განაკვეთი 9%-ს შეადგენს, წლის განმავლობაში დარიცხული სარგებელი კი 18,038,474 ლარია.



იმის მიუხედავად, რომ საპენსიო რეფორმა ერთ წელზე მეტი ხნის წინ ამოქმედდა და ასიათასობით მოქალაქემ მასში უკვე 12 შენატანი განახორციელა, რეალურად დანაზოგების ინვესტირება ამ დრომდე არ დაწყებულა.

დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონის მიხედვით, საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინვესტირება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით უნდა მოხდეს, თუმცა ამ დრომდე საპენსიო სააგენტოს აღნიშნული დოკუმენტი არ აქვს. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება საინვესტიციო საბჭოს ვალდებულებას წარმოადგენს, რომლის ხუთკაციანი შემადგენლობაც საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 11 მაისს დაამტკიცა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც ინვესტირება არ ხდება, არის გარემოება, რომ საპენსიო სააგენტოს დღემდე არ ჰყავს არჩეული მთავარი საინვესტიციო ოფიცერი. სწორედ მთავარი საინვესტიციო ოფიცრის ვალდებულებას წარმოადგენს საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის საფუძველზე გააკეთოს სააგენტოში აკუმულირებული თანხების ინვესტირება.

მას შემდეგ რაც დამტკიცდება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, საპენსიო სისტემაში ჩართულ მოქალაქეებს კიდევ ერთი არჩევანის უფლება მიეცემათ - ეს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხების ინვესტირების რისკიანობის დონის განსაზღვრაა. კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელს წარუდგენს, ესენია - ნაკლებრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. თითოეულ ამ პორტფელს განსხვავებული საინვესტიციო შემადგენლობა ექნება (ფასიან ქაღალდებს, უცხოური ვალუტის ინსტრუმენტებსა და დეპოზიტებს შორის განსხვავებული თანაფარდობები იქნება), აქედან გამომდინარე განსხვავებული იქნება თითოეული ამ პორტფელის საშუალო საპროცენტო სარგებელიც.

2019 წლის 9 დეკემბერს საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ თანამდებობიდან გადადგომის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა. 2020 წლის 16 იანვარს კი მან თანამდებობა ოფიციალურად დატოვა, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი მისი მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე დაინიშნა. პარალელურად მიმდინარეობს საჯარო კონკურსი, რომლითაც სააგენტოს ახალი დირექტორი უნდა შეირჩეს.

რა პრინციპით მიიღებენ მოქალაქეები დაზოგილ თანხებს:

კანონის მიხედვით, მოქალაქეეები თანხებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, საბაზისო პენსიასთან (დღეს 220 ლარი) ერთად მიიღებენ. თანხა მათ ერთიანად ან დადგენილი გრაფიკის მიხედვით გადაეცემათ. თუმცა, ერთიან გადახდასთან დაკავშირებით გარკვეული მინიმალური შეზღუდვაც იარსებებს, რადგან საპენსიო სააგენტო ადგენს (დაადგენს) იმ მინიმალური თანხის ოდენობას, რომლის მიღებაც ერთიანი გადახდით იქნება შესაძლებელი.

თუ მოქალაქე პენსიის დადგენილი გრაფიკით გატანას აირჩევს, საპენსიო სააგენტო მოქალაქის საპენსიო ასაკის მიღწევისას შეადგენს სპეციალურ კალენდარს, რომლითაც პენსიას გასცემს. დაზოგილი თანხა გაიყოფა საპენსიო ასაკში ყოფნის საშუალო მოსალოდნელ წლებზე.

ამასთანავე, სქემის მონაწილე უფლებამოსილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს საპენსიო ასაკის (კაცისთვის 65 წლის, ქალისთვის 60 წლის) მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ საპენსიო სისტემის მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს). საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. მონაწილის მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდის არჩევის შემთხვევაში მისთვის გადასაცემი თანხა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.