მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეიცვალა სესხების გაცემის წესში? - ეროვნული ბანკის განმარტება

62701da495859
ალა ისპირიანი
02.05.22 22:43
6351
პირველი მაისიდან სესხის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. რეგულაცია ცვლად განაკვეთზე მიბმულ იპოთეკურ სესხებს ეხება. საკითხზე - გაუძვირდებათ თუ არა სესხი მომხმარებლებს ცვლილების შედეგად, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა.

"ცვლილება ცვლადგანაკვეთიან სესხებს ეხება, ანუ ისეთ სესხებს, რომელიც რეფინანსირებაზე ან ლიბორზე მიბმული სესხია. ასეთ სესხებს საპროცენტო რისკი აქვთ. კერძოდ, როცა რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ამ სესხებზეც საპროცენტო განაკვეთი იზრდება. რეგულაციაში შეტანილი ცვლილების მიზანია, რომ ასეთი ზრდის დროს მსესხებელს რაღაც ისეთი ბუფერი ჰქონდეს, რომ დღის წესრიგში მისი გადახდისუუნარობა არ დადგეს.

ახალი რეგულაციების პირობებში მომხმარებლებს საპროცენტო განაკვეთები არ ეზრდებათ. საპროცენტო განაკვეთებს ადგენს კომერციული ბანკები და ბაზარი. უბრალოდ როდესაც სესხის გაცემაზე მიდგება საქმე და მსესხებელი ბანკში მივა, კრედიტ ოფიცერი არა მარტო მიმდინარე შენატანებით დაითვლის,  ემსახურება თუ არა ეს კლიენტი თავის სესხს, არამედ თუ მოხდა საპროცენტო განაკვეთების ზრდა, შეძლებს თუ არა მომავალში კლიენტი თავის სესხს მოემსახუროს.

აღნიშნული რეგულაცია საერთაშორისო პრაქტიკაა. ეს ასევე იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, რადგან საპროცენტო რისკები მზარდი იყო. რეფინანსირების განაკვეთის შემთხვევაში, ის უკვე გამკაცრებულია და ნაკლებია შანსი შემდგომში კიდევ გამკაცრების, მაგრამ უცხოურ ვალუტაში რისკი მაღალია და იცით, რომ ჩვენი პორტფელის ნახევარი დოლარიზებულია.

მსესხებლების რაღაც ნაწილისთვის ეს ცვლილება იმიტომაა შემზღუდველი, რომ ისინი განსაკუთრებით მაღალ რისკს იღებენ, ხოლო პორტფელის ძირითადი ნაწილისა და მსესხებლების უმეტესობისთვის ეს არაფერს შეცვლის, იმიტომ რომ არსებულ ლიმიტებთან ახლოს არ არიან. მაგალითად ლარში თუ ავიღებთ, სესხის მომსახურების კოეფიციენტების ლიმიტები არის 50% ანუ თქვენი შემოსავლის ნახევარი შეგიძლიათ დღესვე მიმართოთ სესხზე, ამიტომ მსესხებლების დიდი ნაწილი ამ ზღვართან ახლოსაც არ არის. ვინც ზღვართან ახლოსაა მათთვის შეიზღუდება.

ჩვენი გათვლებით მიმდინარე წელს საცალო სესხების ზრდა 10-15%-მდე ფარგლებშია და წლის განმავლობაში ასე შენარჩუნდება, თან ეს იმ პირობებში, როდესაც მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული გვაქვს. ამ რეგულაციის შედეგად ზრდას დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტი მოაკლდება. გავლენა ექნება თუმცა მცირე და საგრძნობლად შეგვიმცირებს რისკებს, რადგან საპროცენტო რისკები მზარდია", - აღნიშნავს იგი. 

რაც შეეხება სესხებს, რომელიც მომხმარებლებს პირველ მაისამდე აქვთ აღებული უტიაშვილი განმარტავს, რომ რეგულაციის ამოქმედებამდე აღებულ სესხებს ცვლილება არ შეეხება. 

"თუ წინა წლებში გქონდათ აღებული ცვლადგანაკვეთიანი სესხი, მათ არ შეეხება, რადგან ეს სესხები უკვე გაცემულია, მაგრამ თუ გადაწყვიტეთ, რომ ახალი სესხი დაიმატოთ იმის გამო, რომ არსებული ცვლად განაკვეთიანი სესხი გაქვთ და საპროცენტო რისკი კვლავ არსებობს ახალი სესხის გაცემისასაც ბანკი გაითვალისწინებს და უკვე არსებულ ძველ სესხს გადააფასებს +3%-ს და შეხედავს ამ შემთხვევაში მოემსახურებით თუ არა ახალ სესხს", - აცხადებს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი.