მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზრიდან $340 მლნ-ის მინიმალურ რეზერვებს შევივსებთ - სებ-ი სარეზერვო ნორმის ზრდაზე

სებ

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბანკებისთვის უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვრის გაზრდა სავალუტო დაკრედიტებას დაახლოებით 340 მლნ დოლარით შეამცირებს.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით უტიაშვილის განცხადებით, სარეზერვო ნორმის 5%-ული პუნქტით გაზრდის გამო, სწორედ ამ მოცულობის დამატებითი თანხების დარეზერვება მოუწევთ კომერციულ ბანკებს ეროვნულ ბანკში.

უტიაშვილის თქმით, სარეზერვო მოთხოვნების ზრდის მთავარი მიზანია, ბანკებში არსებული სავალუტო ლიკვიდობა გაზრდილ სავალუტო დაკრედიტებაში არ გადაიზარდოს.

“სექტემბერ-ოქტომბერში ვაკვირდებოდით ტენდენციას, რომ მოქალაქეების და კომპანიების ნაწილმა, რომელთაც გარკვეული მღელვარება ჰქონდათ გაცვლით კურსთან დაკავშირებით, მიმდინარე ანგარიშების ნაწილი ლარიდან უცხოურ ვალუტაში გადააკონვერტირეს. შედეგად, ბაზარზე უცხოური ვალუტის შედარებით ჭარბი დონე დაგროვდა და ახლა გარკვეულ რისკად ჩავთვალეთ, რომ ბანკებს არ გაუჩნდეთ ცდუნება, რომ ეს თანხები სესხად გასცენ მოქალაქეებსა თუ კომპანიებზე.

ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ სარეზერვო მოთხოვნები გაზარდოს და შედეგად, ამ ჭარბ ლიკვიდობას უცხოურ ვალუტაში ჩვენ ბაზრიდან ამოვიღებთ და ის ბაზარზე სესხის სახით აღარ მოხვდება. შესაბამისად, აღარ გაგვიზრდის დოლარიზაციის დონეს. კერძოდ, 5%-ული პუნქტით გაიზარდა მისი ზედა ზღვარი და თუ აქამდე ეს მოთხოვნა 10-დან 20%-მდე იყო, ახლა 10-დან 25%-მდე იქნება. შედეგად, დაახლოებით 340 მლნ დოლარის მინიმალურ რეზერვებს შევივსებთ ბაზრიდან და ეს თანხა მოაკლდება უცხოური ვალუტის დაკრედიტებას, რაც ასევე დედოლარიზაციის ინსტრუმენტია”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

თავის მხრივ, ბანკებისთვის დოლარში სარეზერვო მოთხოვნის ზრდა საქართველოს სავალუტო რეზერვებს გაზრდის. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში დაცული თანხები სებ-ის მთლიანი სავალუტო რეზერვების ნაწილია, მართალია ეს რეზერვები წმინდა რეზერვები არ არის, რადგანაც ის წარმოადგენს სებ-ის ვალდებულებას ბანკების მიმართ, თუმცა ის რეზერვების მთლიან ოდენობაზე მაინც ახდენს გავლენას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები