19.სექტემბერი .2020 00:00

რა შემოსავალი აქვს Huawei-ს საქართველოში?

views 700
უკან

Huawei საკომუნიკაციო მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია Samsung-ის შემდეგ სმარტფონების რიგით მეორე უმსხვილესი მწარმოებელია, 2019 წელს მასზე ახალი სმარტფონების გლობალური გაყიდვების 17% მოდიოდა. ამასთანავე, Huawei არის წამყვანი მოთამაშე ინდუსტრიული სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების წარმოების მიმართულებით, საუბარია 4G და 5G ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიებზე, ცენტრალურ მიმღებებსა და გადამცემებზე, რომელთაც მობილური ოპერატორები და ინტერნეტ პროვაიდერები ქსელების მშენებლობისთვის იყენებენ. 

Huawei საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან მისი შვილობილი კომპანიის, შპს "თბილისი ჰუავეი ტექნოლოჯის კო"-ს სახით საქმიანობს. კომპანია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მის ფინანსურ მაჩვენებლებს ასაჯაროვებს. 2018 წლის აუდიტორული ანგარიშის თანახმად, Huawei-მ საქართველოში სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების (გარდა სმარტფონებისა) რეალიზაციიდან 12.2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, მისი წმინდა მოგება კი 1 მილიონ ლარს შეადგენდა. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2017 წელს Huawei-ს შემოსავალი 18.3 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 1.3 მილიონი ლარი იყო. 

აუდიტორული კომპანია EY-ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, Huawei-ს ძირითადი დამკვეთები ქვეყანაში მოქმედი სატელეკომუნიკაციო კომპანიები არიან. 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ჩინური საკომუნიკაციო კომპანიების მიმართ მიღებული ახალი კანონის შესაბამისად დაიწყო ინფორმაციის შეგროვება, თუ მათი პარტნიორი რომელი კომპანიები იყენებენ Huawei-ს ტექნოლოგიებს. ამისთვის კი აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ქართულ კომპანიებს, რომლებიც მათთან თანამშრომლობენ, გაუგზავნა კითხვარი, რომლის მიზანია, დაადგინოს სარგებლობენ თუ არა პარტნიორი კომპანიები ჩინური ფირმების - Huawei, ZTE, Hikvision, Dahua, და Hytera-ს ან მათთან ასოცირებული კომპანიების მოწყობილობებით ან ვიდეო სამეთვალყურეო აპარატურით. 

“ამერიკის საელჩო ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, შეატყობინოს პარტნიორებს საკანონმდებლო რეგულაციებში ცვლილებების შესახებ. ამ შემთხვევაში საუბარია “უცხოეთში დამზადებული პროდუქციის შესახებ” წესზე, რომელიც ძალაში შევიდა 2020 წლის 15 მაისს, თუმცა ამოქმედება გახანგრძლივდა 13 აგვისტომდე, შესაბამისად 13 აგვისტოდან მოყოლებული ვატყობინებთ ჩვენს კონტაქტებს რეგულაციების შესახებ”,- რამდენიმე დღის წინ განუცხადეს bm.ge-ს აშშ-ის საელჩოში.

ცნობისთვის, უკვე ერთი წელია ჩინური გიგანტი ამერიკული სანქციების ქვეშაა. ოფიციალური ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ კომპანია ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობს და ამერიკისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სულ ახლახანს კი დამატებითი რეგულაციები ამოქმედდა და HUAWEI-სა და მის მიმწოდებლებს აღარ შეუძლიათ ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენება. სწორედ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ გააფრთხილა საკუთარი კონტრაქტორები აშშ-ის საელჩომ საქართველოში.