მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხის დახარჯვას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის?

5ecd2b5f73b80
ინგა მურუსიძე
26.05.20 22:15
1288
შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გვაქვს მობილიზებული, - ამის შესახებ bm.ge-ს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინათინ ზოიძემ განუცხადა.

რაც შეეხება ქვეყნის გარეთ პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს, აღნიშნულის დაგეგმვა მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„პიარ და მარკეტინგული კამპანიები შეყოვნდა და ფინანსური სახსრები მიმართული იქნა საკარანტინო ღონისძიებების მართვის კუთხით. ამჟამად უკვე სამი მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას, პირველი ეს არის რეგიონში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია და მარკეტინგი. ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ყველაზე კარგი პიარი და რეკლამა სწორედ კოვიდ უსაფრთხოებაა, რასაც ჩვენი ქვეყანა გამოიყენებს როგორც უსაფრთხო ტურისტულ ქვეყნად პოზიციონირებისას. ასევე, ცენტრალური მთავრობა უკვე მუშაობს ქვეყნებთან, მათ შორის ტრადიციულ ბაზრებთან, ახალ ბაზრებთან ე.წ. მწვანე კორიდორების მოწყობაზე“, - განაცხადა მან.

ზოიძის თქმით, პირველი ქვეყანა, რომლიდანაც პირველ რიგში ველოდებით სტუმრებს სავარაუდოდ იქნება ისრაელი, ასევე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ასევე პოლონეთთან, უკრაინასთან, მეზობელი ქვეყნებთან.

„ყველა ტრადიციულ ბაზართან მიმდინარეობს მოლაპარაკება და სახელმწიფო ცენტრალურ დონეზე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მივიღებთ სტუმრებს“, - განაცხადა ზოიძემ.

რაც შეეხება შიდა ტურიზმს, ის განმარტავს, რომ ქვეყანა საინტერესო პროდუქტებს შესთავაზებს მოქალაქეებს.

„გვექნება განსხვავებული პროდუქტები, მათ შორის მოქალაქეებს შევთავაზებთ მთიანი აჭარის მარშრუტებს ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შიდა ტურიზმის მიმართულებით გვექნება საგრძნობი ზრდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გათვლების გაკეთება ცოტა რთულია. პოსტკრიზისულ ბიუჯეტზე ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მუშაობა და განისაზღვრება ზუსტი ბიუჯეტი, თუ რა თანხა დაიხარჯება ტურისტული აქტივობებისთვის, ხოლო შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის ნახევარი მილიონ ლარზე მეტი გვაქვს მობილიზებული“, - განაცხადა ზოიძემ.