მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანი მართვისთვის - შენიშვნები

5e0efd9b165f0
დავით ჯალაღონია
03.01.20 23:30
883
აღმასრულებელ ხელისუფლებას არ გააჩნია რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში სახელმწიფოს პოლიტიკას განსაზღვრავდა - ასეთი ჩანაწერია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

კომიტეტმა სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის შესახებ მოკვლევა 2019 წლის 17 ივნისში დაიწყო.

გარდა, საწარმოებთან მიმართებით სახელმწიფოს ზოგადი პოლიტიკის არარსებობისა, დარგობრივმა კომიტეტმა რამდენიმე ძირითადი მიგნება ჩამოაყალიბა:

სამუშაო ჯგუფის მიერ თემატური მოკვლევის პროცესში გამორკვეულ იქნა, რომ არც ეკონომიკის სამინისტროში, არც სააგენტოში, ისევე როგორც არც სხვა სახელმწიფო უწყებაში არ არსებობს რაიმე სახის გაწერილი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკას და მიდგომას სახელმწიფო საწარმოების შექმნასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებით;

სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლების მიერ მოკვლევის დროს გამოთქმულ იქნა მოსაზრება, რომ სახელმწიფო საწარმოების მიზანი შესაძლოა იყოს მოგების გენერირება, თუმცა ერთ-ერთი მთავარი მიზანი შესაძლოა იყოს იმ კონკრეტულ დარგებში, სადაც შეინიშნება კერძო საწარმოების დაბალი აქტივობა, ეკონომიკური აქტივობის ინიცირება დარგის განვითარებისთვის. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ კი სახელმწიფო საწარმომ მიზანშეწონილია შეამციროს ან შეწყვიტოს ოპერირება ან მოხდეს მისი პრივატიზება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესაბამის ორგანოებში ვერ იქნა გამოკვეთილი ამ მიზნის მიღწევის კონკრეტული მექანიზმების ან სამოქმედო გეგმის არსებობა;

საჯარო მოსმენებზე აღინიშნა, რომ არსებობს რიგი ხარვეზები და ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც წარმოშობს გაურკვევლობებს პოტენციური ინვესტორებისთვის სახელმწიფო საწარმოების შესახებ ინფორმაციის მიწოდების კუთხით. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანია თუ რა მოცულობის ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სახელმწიფო საწარმოს შეძენით დაინტერესებულ პირს და როგორ უნდა მოხდეს ყველა პოტენციური მსურველისთვის ინფორმაციის მიწოდება;

აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ არ არის შემუშავებული და დანერგილი სახელმწიფო საწარმოებში სახელფასო პოლიტიკა, რაც შეუძლებელს ხდის შეაფასო ეფექტიანობა, როგორც მართვის კუთხით, გაიზომოს რამდენად კონკურენტულნი არიან შრომის ბაზარზე სახელწიფო საწარმოები.

გარდა ამისა, როგორც თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშიდან ვიგებთ, საწარმოეთა ეფექტიანობის საკითხზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის მოსმენისას დაისვა საკითხი, რომ არ არსებობს სახელმწიფო საწარმოთა ხელმძღვანელების (შემდგომში - დირექტორები) შერჩევის და თანამდებობაზე დანიშვნის გაწერილი ან იდენტიფიცირებული კრიტერიუმები, ასევე, გაურკვეველია აქვს თუ არა დირექტორებს ბიზნეს სექტორში მუშაობის გამოცდილება, დირექტორთა თანამდებობაზე კი ძირითადად საჯარო მოხელეები ინიშნებიან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის შესასრულებლად შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავა:

2020 წლის განმავლობაში სახელმწიფო საწარმოებში კორპორაციული მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები ეტაპობრივად უნდა დაინერგოს და ამ მიზნით, შესაბამისი უწყებებისა და პირებისგან საკოორდინაციო საბჭოს/სამუშაო ჯგუფი შეიქმნას;

სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა შეიქმნას, რომელიც სახელმწიფო საწარმოების მართვაში ჩართული ყველა სუბიექტისთვის სახელმძღვანელო ხასიათის იქნება და ამ დოკუმენტმა, სხვა საკითხებთან ერთად, სახელმწიფო საწარმოებში სახელფასო და საბონუსე სისტემების ძირითადი პრინციპები უნდა განსაზღვროს;

ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო საწარმოთა სექტორული კლასიფიკაციის პროცესი დროულად უნდა დაასრულოს და ა.შ.

დარგობრივი კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციები შესაბამისმა უწყებებმა 2020 წლის განმავლობაში უნდა შეასრულონ.

ამ საკითხზე კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ნინო წილოსანი, კახა კუჭავა, გიორგი ხატიძე, ცოტნე ზურაბიანი, ლევან კობერიძე და დავით სონღულაშვილი.

საერთო ჯამი, საქართველოში 236 სახელმწიფო საწარმოა, საიდანაც 159 - ცენტრალური, 77 კი ადგილობრივი ხელისუფლების მართვაშია. ამასთან, 2019 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სახელმწიფო პარტნიორის/აქციონერის სახით 96 საწარმოში მონაწილეობს, ხოლო ასევე სახელმწიფოს მიერ შექმნილი "საპარტნიორო ფონდი", თავის მხრივ 19 კერძო იურიდიული პირის პარტნიორს/აქციონერს წარმოადგენს.