მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა შეცვალოს მთავრობამ ზარალიან სახელმწიფო კომპანიებთან მიმართებით? - IMF-ის პასუხი

5de4e2c51a7a3
შოთა ტყეშელაშვილი
02.12.19 14:15
1563
საქართველოს მთავრობის კუთვნილი საწარმოები ყოველწლიურად მრავალმილიონიან ზარალს განიცდიან. ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით ამ ზარალმა 2018 წელს რეკორდულ ნიშნულს - 805.3 მილიონ ლარს მიაღწია, რაც ქვეყნის მშპ-ის 1.9%-ის ტოლფასი იყო. 

BMG სახელმწიფო საწარმოების ვალისა და მათი ზარალის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის  წარმომადგენელს სელიმ ჩექირს ესაუბრა. ჩექირი ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფომ ზარალიანი საწარმოები არ უნდა შეინარჩუნოს, ხოლო თუ კონკრეტული შპს სინამდვილეში სახელმწიფოს უფლება-მოვალეობებს ასრულებს, მაშინ ის სინამდვილეში მთავრობის ნაწილი უნდა იყოს. 

სელიმ ჩექირი სახელმწიფო საწარმოების შესახებ:

 -  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საწარმოებზე უნდა გკითხოთ, რადგანაც მათ გასული წლების განმავლობაში საკმაოდ სოლიდური ზარალი აჩვენეს. როგორია თქვენი შეფასება სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებით, კონკრეტულად კი, გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ფისკალური სტაბილურობის შებარჩუნებაზე სახელმწიფო საწარმოების გავლენის შესახებ.

- მოგეხსენებათ, რომ ჩვენ პროგრამაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სახელმწიფო საწარმოების საკითხს. გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს არ უნდა უნდოდეს, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომერციული სტრუქტურები ზარალზე მუშაობდნენ. ამასთანავე, სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც რეალურად ასრულებენ მთავრობის ფუნქციებსა და ვალდებულებებს, ისინი უნდა იყვნენ ძირითადი მთავრობის ნაწილი და არა სახელმწიფო შპს-ები. რაც შეეხება არსებულ ზარალს, მისი მოცულობა უკანასკნელ პერიოდში არის გაზრდილი, მაგრამ ჩვენი აზრით, ის არის ისეთ დონეზე, რომლის გამკლავებაც ქვეყანას შეუძლია, შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული შიში ამ მიმართულებით, თუმცა მთლიანობაში საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ საკითხზე ჩვენ განხილვები გვაქვს.



28 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამოსვლისას სახელმწიფო საწარმოებში მოსალოდნელი ცვლილებები დაანონსა. 

ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით მთავრობა ცვლილებებს გეგმავს. მაჭავარიანის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესაბამისად, ქვეყანაში არსებული სახელმწიფო შპს-ები ორ კატეგორიად - მომგებიან და ზარალიან საწარმოებად დაიყოფა. მეორე კატეგორიის, ანუ ზარალიან საწარმოთა ოპერაციები ახალი მეთოდოლოგიის პირობებში, სახელმწიფოს ვალის სახით აღირიცხება. 

“მოგეხსენებათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად მოვამზადეთ და თქვენ მიერ დამტკიცდა ფისკალური წესების განახლებული ჩარჩო. ისევე როგორც განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში, საქართველოშიც უნდა გვქონდეს მთავრობის ვალის შესახებ განახლებული წესი. განახლებული წესის შესაბამისად, უცვლელი დარჩა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, მთავრობის ვალის 60%-იანი და ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იანი ზღვარი, თუმცა ამ პარამეტრის ფარგლებში მთლიანად მოექცა როგორც ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების ოპერაციები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების საბიუჯეტო დეფციიტი ვალდებულებები. 

ასევე მთავრობის ვალის განსაზღვრაში მოექცა კერძო და საჯარო პარტნიორობის პროექტის ფარგლებში არსებული ვალდებულებებიც. 

გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან მიმდინარეობს მუშაობა სახელმწო საწარმოების კლასიფიკაციაზე, რომლის შემდგომაც საწარმოები დაიყოფა ორ კატეგორიად.

პირველი კატეგორია ეს არის სახელმწიფო კორპორაციები, რომლებშიც მოექცევიან კომერციული, მომგებიანი საწარმოები, რომლებიც არც პირდაპირ არც ირიბად დაკავშირებული არ არიან სახელმწიფო ბიუჯეტთან. მეორე კატეგორია ეს არის საწარმოები, რომელთა ოპერირება გარკვეულწილად დაკავშირებულია ცენტრალურ ან მუნიციპალურ ბიუჯეტებთან. მსგავსი საწარმოების საბიუჯეტო ოპერაციები შემდგომში აისახება, როგორც მთავრობის ვალი,”- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

ბიუჯეტის თანდართული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო კომპანიების შემოსავლები, ხარჯები და მთლიანი ზარალი გასული წლების განმავლობაში ასე იცვლებოდა: 






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები