მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვიცით და რა - არა "ჯორჯიან ეარვეისის" განცხადებებთან დაკავშირებით?

5e426dfe8b5ab
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.20 13:40
2053
2019 წლის 8 ივლისს საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეწყდა. შედეგად ათიათასობით რუს ტურისტს, რომელიც საქართველოში დასვენებას გეგმავდა, სეზონის პიკის დროს, საკუთარი ბილეთი გაუუქმდა. შედეგად, ავიაკომპანიებმა, რომლებიც ამ რეისებს ასრულებდნენ, სოლიდური ზარალი განიცადეს. ყველაზე მეტ ფრენას საქართველოს მიმართულებით რუსული ავიაკომპანიები ასრულებდნენ, თუმცა ფინანსურად სანქციები ყველაზე მძიმე ქართული - "ჯორჯიან ეარვეისისთვის" იყო.

"ჯორჯიან ეარვეისი" უმსხვილესი ქართული ავიაკომპანიაა. 2019 წლის განმავლობაში ის 500,482 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, მთლიანი ბაზრის 10%-იანი წილი დაიკავა, მასზე მეტი მგზავრი მხოლოდ ორმა ავიაკომპანიამ - Turkish Airlines-მა (572,171 მგზავრი) და Wizzair-მა (825,290 მგზავრი) გადაიყვანეს.

ავიაკომპანიის დირექტორმა რომან ბოკერიამ BMG-სთან ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა, რომ მათ ზაფხულის განმავლობაში 40,000 გაყიდული ბილეთის უკან დაბრუნება მოუწიათ. კომპანიამ კი $25 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო. 2019 წლის ოქტომბერში კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მათი იურისტები ამზადებენ სარჩელს, რომელსაც Georgian Airways-ი ევროპის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანს. დავაში ავიაკომპანია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას გეგმავდა.

უკანასკნელ პერიოდში კი კომპანიის ხელმძღვანელმა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო კომპანიის წინააღმდეგ ქმედებებში დაადანაშაულა.

"მთავრობამ შემიქმნა ვალები, Wizz Air-ი არ მაკმარა და Ryanair-ი შემომიყვანა", - განაცხადა რომან ბოკერიამ.

რომან ბოკერია გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის განცხადების იმ ნაწილს, სადაც მინისტრმა თქვა, რომ კომპანია Georgian Airways-ს მნიშვნელოვანი ვალები დაუგროვდა, თუმცა მის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის გამოყენებული და პირიქით, დავალიანება ისე გადაუნაწილდა, როგორც კომპანიისთვის იქნებოდა მოსახერხებელი.

"მთავრობამ შემიქმნა ვალები. Wizz Air-ი არ მაკმარა, Ryanair-ი შემომიყვანა, ჩემი გადახდილი გადასახადებით აფინანსებს მათ და ახლა ამბობენ ვალებს ვპატიობთო?! არაკონკურენტულ გარემოში ვარ, მაინცდამაინც საერთაშორისო სასამართლოში უნდა ვუჩივლო?! არ მინდა, სასამართლოში წავიდე, მე მაქვს პატრიოტული გრძნობა, მათ - არა, მაგრამ ბოლო-ბოლო იძულებული გავხდები. დემაგოგები არიან და მეტი არაფერი. რაც შეეხება მომსახურეობას, მითხრას მინისტრმა კონკრეტულად, რას ნიშნავს – მომსახურეობის ხარისხი არ გვაქვს? 27 წლის ეროვნულ ავიაკომპანიას რომელი მომსახურეობის ხარისხი არ აქვს?", - აცხადებს ბოკერია.

"Georgian Airways-ს წლების მანძილზე დაუგროვდა რამდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩვენი აეროპორტების გაერთიანების და საქაერო ნავიგაციის მიმართ და ჩვენ ამის გამო არ ვიყენებთ რაიმე სანქციებს. ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მათთვის კომფორტული გრაფიკით დაფარონ დავალიანება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. კარგია, რომ Georgian Airways ახსენებს სხვა უცხოურ კომპანიებს - "რაინეარს", "ვიზეარს"... ეს ჩვენთვის იმის ნიშანია და იმედს ვიტოვებთ, რომ თავისი სერვისების ხარისხითაც, საფასო პოლიტიკითაც Georgian Airways-ი მიუახლოვდება ოდესმე ამ კომპანიებს და კონკურენციაში შევა მათთან, რაშიც ჩვენ ხელს შევუწყობთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

რომან ბოკერია აცხადებს, რომ აეროპორტების გაერთიანების მიერ უცხოური ავიაკომპანიებისთვის დაფინანსების მიცემა, ქართულ ავიაკომპანიას არაკონკურენტულ ვითარებაში აგდებს.

საუბარია, აეროპორტების გაერთიანების მიერ ტურისტულად მიმზიდველი მიმართულებების მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებაზე. აღნიშნული პროგრამის ძირითადი ბენეფიციარები ძირითადად ე.წ. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები არიან, რომლებიც ფრენებს ევროკავშირში ახორციელებენ.

2018 წლის განმავლობაში "აეროპორტების გაერთიანებამ" ამ სახით დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებს 11 მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსება მისცა.

პირობები, რომლის მიხედვითაც აეროპორტების გაერთიანება ამ დაფინანსებას გასცემს, საჯარო და გამჭვირვალეა. მთავრობის 473-ე დადგენილების მიხედვით, ავიაკომპანიებს მის მისაღებად შესაბამისი პარამეტრების დაკმაყოფილება ესაჭიროებათ.

BMG-ს წყაროს ინფორმაციით, დღეისთვის "ჯორჯიან ეარვეისი" სხვა სახის შეღავათით სარგებლობს. კერძოდ კი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების საკომისიოს სახით, იხდის უფრო ნაკლებს, ვიდრე სხვა ავიაკომპანიები. აღნიშნული ტარიფი ყველა გამფრენ მგზავრზე $24 დოლარით არის განსაზღვრული, "ჯორჯიან ეარვეისისთვის" კი ეს მოსაკრებელი დაახლოებით 40%-ით უფრო ნაკლებია.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ "ჯორჯიან ეარვეისს" არ აქვს საჯაროდ გამოქვეყნებული საკუთარი 2018 წლის ანგარიშგება, მაშინ, როდესაც სხვა ავიაკომპანიების ფინანსები გამჭვირვალეა. მაგალითად, ანგარიშგება საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული Turkish Airlines-ის საქართველოს ფილიალს და "კატარ ეარვეისის" ქართულ ოფისს. ასევე, საჯაროა კიდევ ერთი ქართული ავიაკომპანიის Myway Airlines-ის ფინანსური შედეგები.

ეს კი ნიშნავს, რომ ფართო საზოგადოებისთვის უცნობია როგორც "ჯორჯიან ეარვეისის" მთლიანი შემოსავლის ოდენობა, ასევე ისიც, თუ რა არის აღნიშნული კომპანიის მოგება/ზარალის მაჩვენებელი.