მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზომისაა საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკა - ორი განსხვავებული ხედვა

5dbc3588dd1f3
შოთა ტყეშელაშვილი
01.11.19 21:00
4145
საქართველოს ეკონომიკის მოცულობა საკმაოდ მცირეა, ის მთლიანობაში 45 მილიარდ ლარს, ანუ თითქმის 16 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

თუმცა, იმის გამო, რომ ქვეყნის ეკონომიკის გარკვეული ნაწილი არაფორმალური სახით არსებობს - ანუ დაბეგვრადი ეკონომიკის მიღმაა, მათ შესახებ დაზუსტებული სტატისტიკური ინფორმაცია არ არსებობს. ამას ერთვის ის ეკონომიკური ბრუნვაც, რაც არალეგალურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული - რომლის მოცულობაც ასევე დაუდგენელია.


რა არის “ჩრდილოვანი ეკონომიკა”?


“ჩრდილოვანი ეკონომიკა გულისხმობს ისეთ ეკონომიკურ აქტივობებს, რომლებიც სხვადასხვა საგადასახადო, საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური მიზეზის გამო სახელმწიფო ორგანოებისგან დაფარულია. საგადასახადო მიზეზი გულისხმობს გადასახადებისგან თავის არიდებას, საკანონმდებლო მიზეზები - სახელმწიფო ბიუროკრატიის ან სამართლებრივი რეგულაციების ტვირთისგან გათავისუფლებას, ხოლო ინსტიტუციური მიზეზები აერთიანებს კორუფციის დონეს, პოლიტიკური ინსტიტუტების ხარისხსა და კანონის სუსტ აღსრულებას.”

საქართველოს შემთხვევაში ჩრდილოვანი ეკონომიკის განსაზღვრისთვის ერთი სისტემური პრობლემა დგას - რაც ქვეყანაში თვითდასაქმებულთა განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით არის განპირობებული.

ყველაზე მწვავედ თვითდასაქმების პრობლემა რეგიონში დგას, სადაც მცხოვრები პირები შემოსავლის მიღების მიზნით საკუთარ მეურნეობებში წარმოებულ პროდუქციას ყიდიან. მართალია შემდომში ამ პროდუქციის ნაწილი ისევე ხილულ და აღრიცხვად ეკონომიკაში ხვდება (ვაჭრობის დარგის გავლით, ასევე საკვები მრეწველობის გავლით) თუმცა, მათი თავდაპირველი წარმოება ხშირად ლეგალური ბრუნვის მიღმაა.

საქართველოში ათასობით ადამიანი სოფლის მეურნეობის გარდა სხვა ტიპის არაფორმალურ სამუშაოსაც ფლობს, მათ შორისაა სარეპეტიტორო საქმიანობა და სატაქსო საქმიანობაც, თუმცა ეს უკანასკნელი ელექტრონული გადახდის სისტემების უფრო ფართოდ დანერგვასთან ერთად თანდათანობით ფარული ეკონომიკიდან გამოდის.

თავისთავად ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილია კრიმინალიც, რაც უფრო მეტად იატაკქვეშა ეკონომიკას წარმოადგენს.

იმის შესახებ თუ რა ზომისაა საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკა ორი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ორივე მათგანის შესახებ არის საუბარი საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს შეეხება.

“2018 წელს გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სამუშაო დოკუმენტი, რომლის მიხედვით საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა 2015 წელს მშპ-ის 53%-ს შეადგენდა. თუმცა, აღნიშნული დოკუმენტი ზომავს მშპ-ში ე.წ. არაფორმალური ეკონომიკის წილს და დაზუსტებას საჭიროებს. საქართველოს შრომის ბაზარზე ნახევარზე მეტი თვითდასაქმებულია, დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას. მათი უმრავლესობა შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციას არ ექვემდებარება ან/და გადასახადებისგან გათავისუფლებულია. თვითდასაქმებულთა მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება არაფორმალურ ეკონომიკას განეკუთვნება, რადგან საგადასახადო მიზნით დეტალურად არ აღირიცხება. თუმცა, მათი შრომის ნაყოფი, ისევე როგორც არაფორმალური ეკონომიკის უდიდესი ნაწილი, არ მიეკუთვნება კანონით აკრძალული საქმიანობის შედეგს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებს. საქსტატი მიჯნავს არაფორმალურ ეკონომიკას ე.წ. არადაკვირვებადი ეკონომიკისგან, რომელიც სახელმწიფოს კონტროლს მიღმაა და შეიძლება მოიცავდეს უკანონო საქმიანობით მოპოვებულ შემოსავალს. აღნიშნული მეთოდით საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკა მშპ-ის მხოლოდ 10%-ია,”- ნათქვამია დოკუმენტში.

BMG-ის მიერ შემოსავლების სამსახურისგან გამოთხოვილი დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში არაფორმალური სექტორის შემცირება ნელი ტემპით ხდება. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში ოფიციალური კონტრაქტის მიხედვით, ანაზღაურებას 1.1 მილიონი ადამიანი იღებს. უკანასკნელ წლებში საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა თითქმის უცვლელია.