მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა მსოფლიოში კადრების დეფიციტი?

63d8f8363564b
ლიკა მეგუთნიშვილი
31.01.23 23:55
1009
პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენასთან ერთად გლობალურ შრომის ბაზარზე კადრებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა არაერთი ქვეყანა მუშახელის დეფიციტს განიცდის. მაგალითად, გლობალურად გამოკითხული 45 ათასი კომპანიიდან 70%-ზე მეტი საჭირო უნარ-ჩვევების მქონე კადრებს ვერ პოულობს. ეს მაჩვენებელი კი, ბოლო 15 წლის მაქსიმუმზეა. ანალიტიკოსების პროგნოზით, პრობლემა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გამწვავდება და 2030 წლისთვის მსოფლიოში 85 მილიონი მუშახელის დეფიციტი იქნება.

გამოწვევები სხვადასხვა რეგიონსა თუ ინდუსტრიაში განსხვავებულია.

მაგალითად, აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, 2022 წლის ბოლოსთვის, შეერთებულ შტატებში 11 მილიონი ვაკანსია იყო გამოცხადებული, რაც ბოლო წლების განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. სამუშაო ძალას აქტიურად ეძებენ ევროპელი დამსაქმებლებიც. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 2022 წლის მიწურულს გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა. რაც შეეხება ავსტრალიას, გასულ წელს აქ დამსაქმებლები სამუშაო ძალას 400 000 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ეძებდნენ.

რა არის ის მთავარი ფაქტორები, რამაც მსოფლიოში კადრების დეფიციტი განაპირობა?

შეუძლებელია, კადრების დეფიციტზე ვისაუბროთ და მასზე გლობალური პანდემიის გავლენა არ განვიხილოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მთელს მსოფლიოში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. რასაკვირველია ამ ფაქტორმა ბიზნესში სამუშაო ადგილების დიდი დეფიციტი შექმნა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. გახანგრძლივებულმა გლობალურმა პანდემიამ დამსაქმებლებისა და თანამშრომლებისთვის კიდევ არაერთი გამოწვევა შექმნა, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებია.

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სტატისტიკის ოფისის ინფორმაციით, 400,000-ზე მეტმა დასაქმებულმა, სამუშაო ადგილები 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის ნოემბრამდე დატოვეს და მათ ეს გრძელვადიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო გააკეთეს, რაც იზოლაციურ დეპრესიას უკავშირდება.

კიდევ ერთი ფაქტორი - იმიგრაციაა. მიგრანტი მუშები მსოფლიო სამუშაო ძალის 5%-ს შეადგენენ. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: შეერთებული შტატები, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კანადა, გერმანია და დიდი ბრიტანეთი, მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები მიგრანტ მუშახელზე და ისინი მათ წარმოების პროცესში დიდ როლს ასრულებენ. პანდემიამ კი, ეს დამოკიდებულება შეაფერხა, რადგან ქვეყნებმა, მათ საზღვრებში ვირუსის გავრცელების გაკონტროლებისთვის, საიმიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრეს. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, 2022 წელს COVID-ისა და Brexit-ის კომბინაციამ იმიგრაციის მაჩვენებლების 90%-ით შემცირება გამოიწვია და ქვეყანა 1.3 მილიონმა ემიგრანტმა მუშახელმა დატოვა. კანადაში კი, ამ მაჩვენებელმა 400 000 შეადგინა. არსებულმა რეალობამ და მუშახელის დეფიციტის პრობლემამ, უამრავ ქვეყანას იმიგრანტთა შეზღუდვების შესამსუბუქებლად ნაბიჯების გადადგმა აიძულა. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, მიგრანტების მაჩვენებლის პანდემიამდელ დონემდე დაბრუნებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს.

აღსანიშნავი ფაქტორია ისიც, რომ პანდემიის შემდეგ მუშახელის ინტერესები საგრძნობლად შეიცვალა. დღეს ადამიანები ისეთი სამსახურის პოვნაზე გახდნენ ორიენტირებული, რომელიც დისტანციურ მუშაობას მოითხოვს. გარდა ამისა, სულ უფრო მეტი ადამიანი ითხოვს მოქნილ სამუშაო გრაფიკს, დამატებით ანაზღაურებად დასვენებას და ცდილობენ, სამუშაო განრიგი თავადვე შეადგინონ. Monster-ის ბოლო კვლევის თანახმად, მუშახელის 95% მზად არის მოქნილი სამუშაო გრაფიკისთვის სამსახური შეცვალოს, 92% - კი, საჭიროების შემთხვევაში ინდუსტრიის შეცვლაზეც თანახმაა.

კადრების გლობალური დეფიციტის კიდევ ერთი გამომწვევი მიზეზი - არასასურველი ხელფასებია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მუშაკი საერთოდ ტოვებს სამსახურს, უმრავლესობა უკეთესი სამუშაო შესაძლებლობების გამო მას უბრალოდ ცვლის და მიდის იქ, სადაც უფრო მაღალი ხელფასია. Randstad Employer Brand Research-ის თანახმად, მთელ მსოფლიოში სამუშაო ძალის 62% ხელფასს, სამუშაოს შეცვლის მთავარ მოტივაციად ასახელებს.

მსოფლიოში მუდმივად მზარდია იმ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა, რომლებიც სულ უფრო მაღალ ხელფასსა და გაუმჯობესებულ სარგებელს ითხოვენ. ამ ახალმა რეალობამ კი ბიზნესს თანამშრომლების სახელფასო კომპონენტის გადახედვა და მათი კორექტირება აიძულა. მაგალითად, წელს ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში დასაქმებულების 100% ხელფასების ზრდას ელის, ლათინური ამერიკაში - 92%, აზიაში - 78%, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში ხელფასების ზრდის მოლოდინი სამუშაო ძალის 50%-ს აქვს. თუმცა, მაღალი ხელფასი არ არის ერთადერთი, რაც დასაქმებულებს სურთ. მუშახელის 58%-სთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსია, 56% განსაკუთრებულ ყურადღებას სამუშაო უსაფრთხოებას აქცევს, 55%-სთვის კი, უმთავრესი სასიამოვნო სამუშაო გარემოა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სამუშაო ძალის დეფიციტზე, მსოფლიოს მოსახლეობის დაბერებაა. ბოლო წლების განმავლობაში, ბევრ ქვეყანაში დამსაქმებლებს პენსიაზე გასული მუშაკების რეკორდული რაოდენობა აწუხებთ. მაგალითად, მხოლოდ შეერთებულ შტატებში დღეში 10,000 ადამიანი აღწევს პენსიაზე გასვლის 65 წლის ზღვარს და ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მინიმუმ 2029 წლამდე კიდევ უფრო გაიზრდება.
უახლოეს ათწლეულებში მთელს მსოფლიოში მოსახლეობის დაბერების მზარდი დინამიკაა მოსალოდნელი. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2030 წლისთვის მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი 65 წლის ან მეტის იქნება, ხოლო 2050 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგდება. ამ კრიზისის პარალელურად, უამრავ ქვეყანაში შობადობა იკლებს. დაბერებული მოსახლეობისა და შობადობის კლების კომბინაცია კი იმას ნიშნავს, რომ სამუშაოდ სულ უფრო ნაკლები ადამიანი იქნება ხელმისაწვდომი.

კვლევები ასევე ცხადყოფს, რომ 2050 წლისთვის ჩინეთში მშრომელი მოსახლეობა 20%-ით, ხოლო იაპონიაში 40%-ით შემცირდება. ეს საკითხი, რასაკვირველია, მხოლოდ ჩინეთსა და იაპონიას არ ეხება. გაეროსა და მსოფლიო ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 75 ქვეყნის შობადობის კოეფიციენტი სასურველ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. ეს საკითხი კი, დამსაქმებლებისთვის სულ მცირე მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით პრობლემური იქნება.

კადრების დეფიციტის პრობლემაში ასევე დიდ როლს ტექნოლოგიური უნარების ცოდნის ნაკლებობა თამაშობს. ბოლო კვლევის თანახმად, გლობალური დამსაქმებლების 87% აღიარებს, რომ ამჟამად ძალიან უჭირთ იმ კადრების მოძიება, ვინც ტექნოლოგიურ უნარებს კარგად ფლობენ, განსაკუთრებით ეს მოწინავე ტექნოლოგიებს, ქლაუდსა და ხელოვნურ ინტელექტს ეხება.

რომელ ინდუსტრიებშია ყველაზე მწვავედ კადრების დეფიციტის პრობლემა?

კადრების განსაკუთრებული დეფიციტი ისეთ სფეროებშია, როგორიცაა: წარმოება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავი ქონება, ტრანსპორტი, ვაჭრობა.

ყველაზე მწვავედ კი, პრობლემა წარმოების სფეროშია. ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ შრომის გლობალურ ბაზარზე წარმოების ინდუსტრიაში 8 მილიონზე მეტი მუშახელის დეფიციტი გაჩნდებოდა და როგორც ჩანს, მოლოდინები გამართლდა. ანალიტიკოსების ბოლო კვლევით, მხოლოდ აშშ-ის წარმოების სექტორში 2030 წლისთვის 2 მილიონზე მეტი შეუვსებელი სამუშაო ადგილი იქნება, დიდ ბრიტანეთში კი მწარმოებლები მინიმუმ 30 წლის განმავლობაში მუშახელის ყველაზე დიდი დეფიციტის წინაშე იქნებიან.

ლოგისტიკა კიდევ ერთი სექტორია, რომელიც როგორც პანდემიამდე, ისე მის შემდეგ, მუშახელის მოსაზიდად აქტიურად იბრძვის. მაგალითად, შეერთებულ შტატებში სატვირთო ავტობუსების მძღოლის პოზიციაზე 80 000-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული, დიდ ბრიტანეთში კი ეს მაჩვენებელი 100 000-ს აღემატება.

რასაკვირველია, დაზარალებულ სექტორებს შორისაა ჯანდაცვის ინდუსტრიაც. პანდემიის პერიოდში, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ყოველდღიურად სამსახურში სიარულით საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დიდი რისკის ქვეშ აყენებდნენ, გარდა ამისა, სამედიცინო პერსონალის დეფიციტის გამო, უამრავ მათგანს ხანგრძლივად მუშაობაც უწევდა. ახლა კი, როდესაც კოვიდის შემთხვევები სულ უფრო იკლებს, პროფესიის მიტოვებას ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს.
მაგალითად, დიდ ბრიტანეთში სამსახურის დატოვებას ექთნების 57% განიხილავს, აშშ-ში კი 32%. გარდა ამისა, ექთნების საერთაშორისო საბჭოს ცნობით, კადრების ინტენსიური გადინებიდან გამომდინარე, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დასაქმებული ექთნების რაოდენობა, სავარაუდოდ განახევრდება და სექტორი გლობალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.

პანდემიის ფონზე კადრების დეფიციტი გამოწვევა აღმოჩნდა ქართული შრომის ბაზრისთვისაც. ბოლო ექვს წელიწადში საქართველოში სამუშაო ძალა 142 ათასი ადამიანით შემცირდა, ხოლო სამუშაო ძალის გარეთ მყოფი ადამიანების რიცხვი 133 ათასით გაიზარდა. მართალია, განათლების დაბალი ხარისხის გამო, მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე ქვეყანაში კადრების დეფიციტი მუდმივად იყო, თუმცა ბოლო დროს დაბალკვალიფიციური კადრებიც დეფიციტური გახდა.

საქართველოში კადრების დეფიციტს სპეციფიკური მიზეზებიც აქვს, რაც გარკვეულწილად პანდემიამაც განაპირობა. ე.წ. „ლოკდაუნების“ დროს მასობრივად იკარგებოდა სამუშაო ადგილები მომსახურების სფეროში, განსაკუთრებით –ჰორეკა სექტორში. ამ სექტორში დასაქმებულები სხვა სექტორებში ეძებდნენ სამსახურს. ახლა კი პირიქით ხდება, ამ სექტორმა ტურიზმის ზრდის გამო, სწრაფი აღდგენა დაიწყო, თუმცა დაკარგული კადრების სრულად დაბრუნება ვეღარ შეძლო.
საქართველოში კადრების დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი ასევე მაღალი ინფლაციაა, რაც ფულის მსყიდველობითი უნარის კლებას ნიშნავს და ადამიანების ხელფასს რეალურად ამცირებს. ხელფასის შემცირება კი, დასაქმებულებს მუშაობის სურვილს უმცირებს. გარდა ამისა, მაღალი ინფლაციის დროს, რომელსაც თუნდაც მაღალი ეკონომიკური ზრდა ახლავს თან, ყველა ბიზნესის შემოსავლები არ იზრდება ან თანაბრად არ იზრდება. ამიტომ, თუ სექტორის ნაწილმა კადრების შენარჩუნებისთვის ხელფასის სხვადასხვა პროცენტით გაზარდა, უმეტესობამ ეს საერთოდ ვერ შეძლო.

შრომის ბაზარზე გავლენა აქვს ასევე ემიგრაციასაც. ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოს შრომის ბაზარს ემიგრაციის გამო 35,600 ადამიანი მოაკლდა.

რა გავლენს ახდენს შრომის ბაზარზე მუშახელის დეფიციტი ?

კადრების მუდმივი დეფიციტი არა მხოლოდ აფერხებს კომპანიებს ზრდას და ართმევს მათ განვითარებისა და პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობას, არამედ ამ პრობლემას გავლენა მთელს საზოგადოებაზე აქვს. მაგალითად, თუ მიწოდების ჯაჭვის დარღვევამ გარკვეული პროდუქტების დეფიციტი უკვე გამოიწვია, ზოგიერთ ქვეყანაში მუშახელის ნაკლებობამ შესაძლო მაღაზიებისა და რესტორნების დახურვა, ან უკეთეს შემთხვევაში სამუშაო საათების შემცირება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ის ობიექტები, რომლებიც თანამშრომლების შენარჩუნების მიზნით მათ სახელფასო კომპონენტს გაზრდიან, ეს მომსახურებისა და პროდუქციის გაძვირებას განაპირობებს.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კადრების დეფიციტის, უფრო კონკრეტულად კი უნარების ნაკლებობა ბიზნესს ტექნოლოგიების დანერგვაში ხელს აუცილებლად შეუშლის. დღეს ორგანიზაციების 64% ტექნოლოგიების დანერგვისთვის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად სწორედ კადრების დეფიციტს ასახელებს, მაშინ როცა 2020 წელს ეს პრობლემა მხოლოდ ბიზნესის 4%-ს ჰქონდა.

რას აკეთებს ბიზნესი პრობლემის მოსაგვარებლად?

მსოფლიოში შექმნილი რთული მდგომარეობიდან, რაც საკადრო დეფიციტს უკავშირდება, ბიზნესი გამოსავალს სულ უფრო აქტიურად ეძებს. კადრების მოსაზიდად დამსაქმებლებს დასაქმებულებისთვის სულ უფრო მეტი სარგებლის შეთავაზება უწევთ, მათ შორისაა: გაზრდილი ხელფასები, ტრენინგები, მოქნილი სამუშაო გრაფიკი და სხვა. გარდა ამისა, სულ უფრო მეტ კომპანიას სამსახურში არაკვალიფიციური კადრები აჰყავს და შემდგომ მათ გადამზადებას თავადვე უზრუნველყოფს.