მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად შემცირდა ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობა ივნისში?

5f15b5096f20e
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.20 19:21
1938
ივნისში ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადის სახით 197 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა, რაც 2019 წელთან შედარებით 41.5 მილიონი ლარით ანუ 17.4%-ით ნაკლებია. საშემოსავლო გადასახადის შემცირება კი თავის მხრივ, ქვეყანაში გაცემული ხელფასების ვარდნაზე მეტყველებს. უფრო კონკრეტულად კი, ეს კლება ქვეყანაში გაცემული ხელფასების თითქმის 207.5 მილიონი ლარით ვარდნას ნიშნავს.

საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან. საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირებაზე კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, რაც კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება და 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს.

COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის გამო, 200-ლარიანი კომპენსაცია უკვე 221,131 ადამიანს ჩაერიცხა, შესაბამისად, ამ ადამიანებმა ხელფასის სახით არსებული შემოსავალი დაკარგეს.

საშემოსავლო გადასახადის მსგავსად შემცირებულია შემოსავალი დღგ-დან და მოგების გადასახადებიდან.

გასული თვის განმავლობაში დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოების მიერ დეკლარირებული დღგ-ის მოცულობა სულ 294.2 მილიონი ლარი იყო, რაც 2019 წლის ივნისში გადახდილ დღგ-სთან შედარებით 37.7 მილიონი ლარით, ანუ 11.7%-ით ნაკლებია.

მოგების გადასახადის მოცულობამ კი, ივნისში 32.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 42 მილიონი ლარით ანუ 56%-ით ნაკლებია.