მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ადამიანია დასაქმებული საქართველოს ბაზრებზე?

5f22d838a6f65
შოთა ტყეშელაშვილი
30.07.20 19:00
1184
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელების განვითარების მიუხედავად, ბაზრები და ბაზრობები საცალო და საბითუმო ვაჭრობისთვის კვლავ მნიშვნელოვან სივრცედ რჩება.

დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა ქვეყანაში მოქმედი ბაზრების სტატისტიკური ანგარიში 2019 წლისთვის. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მთლიანად ბაზრებსა და ბაზრობებზე 55.7 ათასი სავაჭრო ადგილია, ყოველდღიურად კი საშუალოდ 45.1 ათასი მოვაჭრე არის დაკავებული ბაზრებზე პროდუქციის რეალიზაციით. 

"2019 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30,8 პროცენტი თბილისშია, ხოლო 20,7 პროცენტი - იმერეთის, 12,0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 12,0 პროცენტი - კახეთის, 7,2 პროცენტი - ქვემო ქართლის, 5,3 პროცენტი - აჭარის, 4,3 პროცენტი - შიდა ქართლის, 2,9 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,9 პროცენტი - გურიის, 1,9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის და 1,0 პროცენტი - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული.

2019 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები, ბაზრობები და ბაზრობის ტიპის საწარმოები განთავსებული იყო 2,0 მლნ. კვადრატულ მეტრ ფართობზე. ამ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების სიგრძე 53,1 ათასი მეტრია, რომელთა 65,7 პროცენტი შენობაშია განთავსებული. ბაზრობებს გააჩნია 73 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1360 - შემნახველი საკანი (საწყობი) 27,4 ათასი კვ. მეტრი ფართობით, 0,8 ათასი ტონის ტევადობის - 415 მაცივარი.

2019 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ხორციელდება როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა. ბაზრობების 32,2 პროცენტი ვაჭრობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ-ერთ ბაზრობაზე მიმდინარეობს მხოლოდ სასურსათო საქონლით ვაჭრობა; სამი ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ავტომობილებითაც, ხოლო ხუთ ბაზარში იყიდება როგორც ფრინველი, ისე პირუტყვი. საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 163 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა - 19 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, დანარჩენი ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.