2024 წლის იანვარში საქართველოს ვაჭრობის სექტორში შემცირება დაფიქსირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, ხოლო ამ ზრდაში საქსტატის თანახმად, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებმა.
ამასთან, კლება დაფიქსირდა ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.
მთლიანობაში იანვარში დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 10.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 1.4%-ით არის გაზრდილი.
2024 წელს საქართველოს მთავრობა ქვეყანაში 5.3%-იან ზრდას ელოდება, შესაბამისად იანვრის ზრდა საპროგნოზო მაჩვენებელს აჭარბებს.