მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს “აჭარაბეთს"?

60ee8645e1355
შოთა ტყეშელაშვილი
13.07.21 14:45
5668
პანდემიური წელი ქართული ონლაინ-კაზინოებისთვის და ონლაინ-ტოტალიზატორებისთვის მოგებიანი აღმოჩნდა. სხვა ბიზნესებისგან განსხვავებით, რომელთაც გაყიდვები შეუმცირდათ, აზარტული თამაშების ბრუნვა პირიქით - გაიზარდა, რადგან როგორც ჩანს, უფრო მეტმა მოქალაქემ თავისი ფული იღბალს მიანდო.

ჯგუფი Adjarabet-ი საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე საქმიანობს. reportal.ge-ზე გამოქვეყნებული აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს “აჭარაბეთის” ჰოლდინგის შემოსავალი - 43%-ით, 406 მილიონ ლარამდე გაიზარდა, კომპანიის წმინდა მოგებამ კი 38%-ით იმატა და 101.4 მილიონი ლარი გახდა.

101 მილიონი ლარის მოგება ქვეყნის მასშტაბით წმინდა მოგების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; შედარებისთვის ეს თანხა ქართული ბანკების უმრავლესობის არამხოლოდ 2020 წლის, არამედ 2019 წლის მოგებასაც აღემატება.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “აჭარაბეთის” ჯგუფი, რომელსაც იურიდიულად შპს “ატლასი” ეწოდება, საქართველოს გარდა შვილობილი კომპანიებით სომხეთის ბაზარზეც საქმიანობს. კერძოდ, ქვეყნების მიხედვით მისი შემოსავლები ასეთია:

საქართველოს ბაზარი - შემოსავალი 284.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 17%;
სომხეთის ბაზარი - შემოსავალი 121.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 197%;

რაც შეეხება მთლიან სეგმენტებს, ის ასე ნაწილდება:

● წმინდა შემოსავალი ონლაინკაზინოს თამაშებიდან - 357 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 48%;
● წმინდა შემოსავალი ონლაინტოტალიზატორიდან - 19.9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -16%;
● შემოსავალი ონლაინ peer-to-peer თამაშებიდან - 17.6 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 34%;

2019 წელს “აჭარაბეთის” 51%-იანი წილი Adjarabet კომპანიის დამფუძნებელმა თემურ უგულავამ ირლანდიურ კომპანია Flutter Entertainment PLC-ის (მაშინ Paddy Power Betfair-ს) 115.4 მილიონ ევროდ მიჰყიდა. შესაბამისად, დღეისთვის ჯგუფის მაჟორიტარული წილის მფლობელი სწორედ Flutter-ია. ჯგუფის მაკონტროლებელ კომპანიას შპს “ატლასი” ეწოდება, საქართველოში ის აერთიანებს კომპანიებს “ავიატორსა” და “კოსმოსს”. სომხეთში კი მას შპს “საბარკო” და “კაბარკო” წარმოადგენენ.

რაც შეეხება კომპანიის საოპერაციო ხარჯებს, ის 2020 წელს 156.6 მილიონი ლარი იყო. მათ შორის ყველაზე ძვირი ხარჯი კომპანიისთვის მარკეტინგი იყო, რომლის ბიუჯეტმაც 68.7 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიაში დასაქმებულთა ხელფასები კი 49 მილიონი ლარი იყო. კომპანიამ ორივე ქვეყანაში ლიცენზიებზე 13.5 მილიონი ლარი გადაიხადა.

ჯერჯერობით, აზარტული თამაშების კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს საკუთარი ფინანსური მაჩვენებლები გასაჯაროებული. "აჭარაბეთის" გარდა საჯაროა კომპანია "კრისტალბეთის" ფინანსური შედეგები - კომპანიის შემოსავალმა 2020 წელს 39%-ით იმატა და 363.3 მილიონი ლარი გახდა, მისი წმინდა მოგება კი 177 მილიონი ლარი იყო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები