მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “ავერსი ფარმას” ჯგუფს?

636e259bdaa16
შოთა ტყეშელაშვილი
11.11.22 15:00
1751
საქართველოს ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთმა უმსხვილესმა “ავერსი ფარმამ” 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი 182 მილიონი ლარით, 690 მილიონამდე გაიზარდა.

მკვეთრად გაიზარდა “ავერსი ფარმა ჯგუფის” მოგებაც; თუკი 2020 წელს კომპანიამ 26 მილიონის წმინდა მოგება გამოიმუშავა, 2021 წელს ეს თანხა 3.1-ჯერ, 82.7 მილიონამდე გაიზარდა.

“ავერსი ფარმას” ჯგუფი ქვეყანაში სააფთიაქო ქსელთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებების ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელსაც აერთიანებს. მის შემადგენლობაში შედის "ავერსის" კლინიკა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით, 13 ფილიალი აქვს. ასევე “ავერსი ფარმას” სამედიცინო ქსელი მოიცავს კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და ერისთავის სახელობის ექსპერიმენტულ კლინიკას, ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის ცენტრს, მედკაპიტალის კლინიკებსა და მედალფას 5 კლინიკას.

კომპანიის კონსოლიდირებული შემოსავლები, წყაროების მიხედვით, ასე ნაწილდება:

• ამონაგები ფიზიკური პირებისგან - 333.4 მილიონი ლარი;
• ამონაგები საყოველთაო დაზღვევიდან - 173 მილიონი ლარი;
• ამონაგები სხვა ორგანიაციებიდან - 151 მილიონი ლარი;
• ამონაგები კერძო სადაზღვევო ორგანიზაციებიდან - 17 მილიონი ლარი;
• ამონაგები სახელმწიფო დაწესებულებებიდან - 16 მილიონი ლარი.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიას მარაგების შესყიდვა 429 მილიონი ლარი დაუჯდა, პერსონალის ხელფასებზე 129 მილიონი დაიხარჯა, ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯები 30.3 მილიონი იყო, ხოლო სხვა ხარჯები 40.2 მილიონს შეადგენდა.

"ავერსი ფარმას" ჯგუფის აქტივები - 577 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 232 მილიონ ლარს შეადგენს.

ჯგუფის 67%-იან წილს ბიზნესმენი პაატა კურტანიძე ფლობს, 33%-იანი წილის მფლობელი კი ნიკოლოზ კურტანიძეა.