საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჯანდაცვის ჰოლდინგის, “ავერსი” ჯგუფის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ გადაცემა “ბიზნეს კვირეულის” ეთერში ჰოლდინგის განვითარების გეგმების შესახებ ისაუბრა. გიორგი ისაკაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პაატა კურტანიძე იხსენებს თუ რატომ მიიღო სააფთიაქო ქსელის შექმნის გადაწყვეტილება.
ინტერვიუში პაატა კურტანიძე ასევე აღნიშნავს, რომ მის კომპანიას წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით ერთ მილიარდამდე ლარი აქვს გადახდილი, ხოლო დღეს მისი ჰოლდინგი 10 ათას ადამიანს ასაქმებს.
“მე საკმაოდ ბედნიერი ვარ და ვამაყობ ჩემ 10 ათას თანამშრომელთან ერთად, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი უზარმაზარი თანხები გვაქვს. რამდენი ასეული მილიონი და შეიძლება მილიარდი ლარიც. ამიტომ ჩემი აზრით ხელისუფლებაზე დამოკიდებული კომპანია არ უნდა იყოს.
თავიდან მქონდა ერთი აფთიაქი, ჩამომქონდა მედიკამენტები და მითხრეს, რომ მცირე რაოდენობით ვერ ვიყიდდი, ბევრი უნდა წამეღო, ბევრს მხოლოდ ჩემ 2-3 აფთიაქში ვერ გავყიდდი, ამიტომ საბითუმოდ დავიწყეთ მიყიდვა სხვა აფთიაქებისთვის და კლინიკებისთვის. 1997 წლამდე ჩვენი ძირითადი საქმიანობა იყო მედიკამენტების საბითუმო რეალიზაცია. მაშინ არც ვფიქრობდი სააფთიაქო ქსელის გაკეთებაზე, ვფიქრობდი რომ ეს ცალკე თემაა ბევრი თან, აქაც მოთხოვნამ განაპირობა. რაც უფრო მეტი აფთიაქი გაჩნდა, სახელმწიფო აფთიაქებიც პრივატიზება მოხდა და იყიდეს თანამშრომლებმა.
აფთიაქების გახსნა ავერსის მიერ მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან დიდ პროცენტს არიცხავდნენ ეს სხვა აფთიაქები და ძალიან ძვირად ყიდდნენ, მაღალ მარჟას ადებდნენ. ერთხელ ვუთხარი, ათჯერ ვუთხარი თითქმის ყველა ჩვენ მყიდველს, რომ ძალიან ძვირად ყიდით. პასუხი იყო რომ “შენი საქმე არ არის, შენგან ვყიდულობთ და ფულს გიხდით, მე რა მარჟით გავყიდი ჩემი საქმეა” - რეალურად ასეცაა მე მივყიდე საქონელი და ის რა ფასად გაყიდის, ეს მისი საქმეა. ამან განაპირობა, რომ გადავწყვიტე აფთიაქების გახსნა და ქსელის შექმნა, რომ მედიკამენტები მომხმარებლებზე უფრო იაფად გაგვეყიდა.
ამან, რა თქმა უნდა, იმ აფთიაქების განაწყენება გამოიწვია და ერთი პერიოდი ჩვენგან აღარ ყიდულობდნენ, მაგრამ მაინც იყიდეს რადგან ჩვენ ყველაზე კარგი ფასი გვქონდა. წარმოების გახსნის მიზეზი და მიზანიც ეს იყო, რომ კიდევ უფრო იაფად შეგვძლებოდა წამლების გაყიდვა. ამიტომ გავხსენით და ჩვენ ჯენერიკები უფრო ნაკლებ ფასში გვაქვს და იგივე ხარისხში ვიდრე ეს არის უცხოური წარმოება. ეს იყო ერთადერთი მიზეზი, თორემ რატომ აიტკიებ აუტკივარ თავს, წარმოება ურთულესი სფეროა და ხარისხზე ხარ პასუხისმგებელი. პლუს ამდენი ინვესტიციები უნდა ჩადო, თუმცა სამაგიეროდ უფრო იაფად ვყიდით და ეს იყო მიზანი. ავერსი დღეს არის მედიკამენტების საბითუმო დისტრიბუტორიც, ანუ ჩვენ ვყიდით აფთიაქებზე, კლინიკებზე, სახელმწიფო ტენდერებით თუ კერძო კლინიკების შესყიდვებით. ეს არის ასევე წარმოება, რომლის დაგეგმვაც დავიწყეთ 2002 წელს და 2005 წელს გამოვუშვით პირველი პროდუქტი. დღეს ვუშვებთ დაახლოებით 250 დასახელების პროდუქციას და ექსპორტზეც ვყიდით რამდენიმე ქვეყანაში.
2006 წელს გადავწყვიტე კლინიკის გაკეთება, როდესაც სახელმწიფო აუქციონზე გაიყიდა რესპუბლიკურთან თავის დროზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორია, სადაც დღეს ავერსის კლინიკის ცენტრალური ფილიალია. ესეც განაპირობა იმის სურვილმა, რომ 2006 წელს მოგეხსენებათ მედიცინა ძალიან ცუდ დღეში იყო და ჩვენი სურვილი იყო, რომ შეგვექმნა და ახალი კლინიკა და აღგვეჭურვა მსოფლიოში საუკეთესო აპარატურით, რათა მოსახლეობას ჰქონოდა შესაძლებლობა წამყვანი დონის აპარატურით მკურნალობა”, - ამბობს პაატა კურტანიძე.
ბიზნესმენმა პაატა კურტანიძემ “ავერსი” 1994 წელს დააფუძნა, გასული 30 წლის განმავლობაში კომპანია ერთ-ერთ ჯანდაცვის უმსხვილეს ჰოლდინგად იქცა, რომელიც 10 ათასამდე ადამიანს ასაქმებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 337 აფთიაქით და 30-მდე სამედიცინო დაწესებულებით არის წარმოდგენილი. ბოლო ფინანსური ანგარიშგებით, რომელიც 2022 წლის შემოსავლებს ასახავს ჯგუფს 738 მილიონი ლარის შემოსავალი და 62 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.