მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვთ მთავრობის კონტრაქტორ ჩინურ კომპანიებს?

6391a3ca1b748
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.22 13:34
1338
საქართველოში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინური სამშენებლო კომპანიების მიერ სრულდება. საგზაო და სარკინიგზო მაგისტრალებისა და გვირაბების მშენებლობისთვის ეს კომპანიები ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებენ. განსაკუთრებულად დიდი ბრუნვის გამო, ამ კომპანიებს საკუთარი ფინანსური შედეგების გასაჯაროების ვალდებულება ეკისრებათ, სწორედ მათი აუდიტორული ანგარიშებიდან ირკვევა, თუ რამდენი მილიონი ლარის მოგება რჩებათ მათ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. ჩინურ სახელმწიფო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება რამდენიმე მილიარდი ლარია.

ჩინური კორპორაციების ფინანსური შედეგები:

“ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია” (CRBC), რომელიც რიკოთის 902-მილიონიან, უბისა-შორაპნის მონაკვეთს აშენებს:

● შემოსავალი 2021 წელს - 223,204,085 ლარი;
● წმინდა მოგება 2021 წელს - 11,740,565 ლარი.

CRBC-ის მსხვილი პროექტებია:

უბისა-შორაპანი მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზის, 27 ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობა. გვირაბების სიგრძეები მერყეობს 300 მეტრიან 1600 მეტრამდე და 27 ხიდიდან 13 განლაგებულია თბილისი-არგვეთას მიმართულებაზე, ხოლო 14 - აგრვეთა-თბილისის მიმართულებაზე . სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზა ლოტი-1 იწყება კმ 04+040-ზე, მდებარეობს ვაზიანის კვანძთან, დასასრული კმ 27+840 მდებარეობს ნინოწმინდამდე, საგარეჯოს კვანძის აღმოსავლეთით. პროექტი ითვალისწინებს 23,8 კმ საავტომობილო გზის და 13 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას.

“კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში”

● შემოსავალი 2021 წელს - 57,091,277 ლარი;
● ზარალი 2021 წელს - 28,711,844 ლარი.

საქართველოში “სინოჰიდროს” პროექტებს შორისაა ქობულეთის შემოვლითი გზით 12.4 კილომეტრიანი მონაკვეთი; თბილისი-რუსთავის მონაკვეთის პირველი და მესამე სექციის მშენებლობა; ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაო ზემო-ოსიაური-ჩუმათელეთის 5.8-კილომეტრიანი მონაკვეთი; სამტრედია-გრიგოლეთის 19.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.

“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო”

● შემოსავალი 2021 წელს - 31,510,046 ლარი;
● წმინდა ზარალი 2021 წელს - -43,432,440 ლარი.

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი“ საქართველოში 2010 წელს გაიხსნა. მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციაა”.

კომპანია საქართველოში რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებაში არის ჩართული, ესენია - 1) რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ღირებულებაც 260 მილიონი შვეიცარული ფრანკია. პროექტის საერთო სიგრძე შეადგენს 43.911 კილომეტრს; 2) სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 ლოტის კმ 42+000 - მკ 51+570 მონაკვეთის მშენებლობა. პროექტით ასაშენებელი საავტომობილო მაგისტრალის სრული სიგრძე არის 9.57 კმ, პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს 4 პანდუსი, რომელთა საერთო სიგრძე 753 მეტრია. მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია; 3) ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის გზის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 316.4 მილიონი ლარია. კომპანიამ კონტრაქტი 2019 წელს მოიპოვა.