მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი საწოლია საქართველოს საავადმყოფოებში?

5fd3697b5fa22
BM.GE
11.12.20 21:30
1782
Galt & Taggart-მა გამოაქვეყნა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესახებ მიმოხილვა, რომელიც ჰოსპიტალური სექტორის მოცულობას, ასევე სახელმწიფოსა და მოქალაქეების მიერ გაწეულ ჯანდაცვის დანახარჯებს ეხება. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში სულ 265 საავადმყოფო არის რეგისტრირებული, ამ საავადმყოფოებში კი ჯამურად 17,500 საწოლია. შესაბამისად ქვეყანაში საშუალოდ საავადმყოფოში 66 საწოლია.

ანგარიშის თანახმად, ყოველ 1000 მოქალაქეზე 4.7 საწოლი ადგილი მოდის. შედარებისთვის რეგიონის ცალკეულ ქვეყნებში ყოველ 1000 მოსახლეზე საავადმყოფოებში საწოლი ადგილების რაოდენობა ასეთია - რუსეთი - 7.1 საწოლი; თურქეთი - 2.9 საწოლი.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში უმსხვილესი მოთამაშე “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფია” (GHG), რომელზეც მიღებულ პაციენტთა 17% მოდის. მეორე ადგილზეა “ავერსის კლინიკები”, რომელზეც 8% მოდის; 6% აქვს “ჯეო ჰოსპიტალს”; 2% “ვივო მედიქალ გრუპს”; 2% “ღუდუშაურის კლინიკას” 2% კი “ნიუ ჰოსპიტალს”. Galt & Taggart-ის თანახმად, სხვა მოთამაშეებზე ბაზრის 62% მოდის.

რაც შეეხება საავადმყოფოების საშუალო დატვირთულობის მაჩვენებელს ქვეყნის მასშტაბით, ანგარიშის თანახმად, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში საავადმყოფოების დატვირთვის საშუალო ყოველდღიური დონე 49% იყო. შესაბამისად 17,500 საწოლიდან საშუალოდ 8750 საწოლი არის ყოველდიურად დაკავებული. რეგიონის, ქვეყნებში საავადმყოფოების დატვირთულობის დონე უმეტესად 70%-ს აჭარბებს, უკრაინაში რუსეთსა და ყაზახეთში კი ის 80%-საც აღემატება.

სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს ქვეყანაში პაციენტთა 551 ათასი ჰოსპიტალიზაცია აღირიცხა, ერთი ჰოსპიტალიზირებულის მიერ საავადმყოფოში გატარებული დღეების საშუალო რაოდენობა 4.9 იყო. შედარებისთვის, რუსეთში ჰოსპიტალიზაციის დღეების საშუალო რაოდენობა 10-ს აღემატება, უკრაინაში კი 11-ს, სომხეთში კი ეს მაჩვენებელი 8 დღეს შეადგენს.

საქართველოში ჰოსპიტალიზაციის მიზეზები ასე ნაწილდება:

რესპირატორული სისტემის დაავადებები - 22%;
გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები - 19%;
ორსულობა, მშობიარობის წინა პერიოდი - 10%;
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები - 8%;
ტრამვები, მოწამვლები - 7%;
ინფექციური დაავადებები - 6%.
სხვა - 29%.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში 30 ათასზე მეტი ექიმი და 18 ათასზე მეტი ექთანი საქმიანობს. შესაბამისად, ყოველ ექიმზე 0.6 ექთანი მოდის.

1000 მოსახლეზე კი ექიმთა რაოდენობა 8.5-ია.