მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენიც არ უნდა იდავონ, ჰესების აშენებას ალტერნატივა არ აქვს - პაატა ცინცაძე

6027d55738733
ინგა მურუსიძე
14.02.21 21:07
1231
საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიების წევრის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პაატა ცინცაძის განცხადებით, რამდენიც არ უნდა იდავონ მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა, ჰესების აშენებას ალტერნატივა არ აქვს.

ამის შესახებ მან BMG-ს გადაცემა Forbes Talks-ის ეთერში ისაუბრა. პაატა ცინცაძემ დიდი და მცირე ჰესების მნიშვნელობაც განმარტა და თქვა, რომ ქვეყანას ორივე სჭირდება და რაც მალე განხორციელდება დაგეგმილი პროექტები, მით ნაკლებ დანაკარგს მიიღებს ქვეყანა.

„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით სულ ორი მდინარე გვაქვს, რომელსაც შეუძლია მძლავრი ენერგეტიკული სისტემის შექმნა, ესენია ენგური და რიონი. თუმცა არის მცირე მდინარეები, რომლებზეც შეიძლება მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰესების აშენება და კიდეც უნდა აშენდეს. ყველას თავისი ადგილი აქვს, მცირე და დიდი ჰესები - ორივე საჭიროა.

კალათბურთელი და ფეხბურთელი ორივე სპორტსმენია, თუმცა ორივე საჭიროა, რომ არსებობდეს - ასევეა მცირე და დიდი ჰესიც. დიდი ჰესების მშენებლობა შეგვიძლია მხოლოდ ენგურზე და რიონზე, მტკვარს ამის პოტენციალი არ აქვს, ამიტომ რიონზეც და ენგურზეც დიდი წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს. ეს აუცილებლად მოხდება ადრე თუ გვიან და ჯობია მოხდეს ადრე, რადგან უფრო ნაკლებს დავკარგავთ, ნაკლები პრობლემები გვექნება... მაგრამ რომ მოხდება, ეს ფაქტია“, - განმარტავს პაატა ცინცაძე.

მისი თქმით, გარემოს დამცველების არგუმენტი, რომ ევროპაში ჰესები აღარ შენდება ტყუილია, რადგან იქ მაგალითად შვეიცარიაში, არსებული ჰესების სიმძლავრეებს ზრდიან.

„ამბობენ, ახალი ჰესები აღარ შენდება ევროპაშიო, ჩემი თვალით ვნახე შვეიცარიაში, როგორ ამაღლებენ კაშხლებს, რომ წყალსაცავის მოცულობები გაზარდონ. ევროპაში ფაქტობრივად ყველა მდინარეზე აშენებულია ჰესები, სადაც შეიძლებოდა. ყველგან ააშენეს და ახლა მათი წყალსაცავების მოცულობების გაზრდას ცდილობენ. რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ჰესების საკითხზე, ამ საქმეს ალტერნატივა არ აქვს“, - ამბობს პაატა ცინცაძე.

მან მაგალითად საუდის არაბეთი მოიყვანა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 99%-ს დუბაის შესახებ არაფერი ეცოდინებოდა, თავის დროზე ადგილობრივ მოსახლეობას გაზის და ნავთობის მოპოვება რომ გაეპროტესტებინა, თუმცა რისკი და ეკოლოგიური პრობლემა ამ ორს ჰესზე არანაკლები აქვს.

„თქვენ წარმოგიდგენიათ საუდის არაბეთის მოსახლეობას რომ გაეპროტესტებინა ნავთობის და გაზის მოპოვება რა მოხდებოდა? დუბაის არსებობა არ ეცოდინებოდა საქართველოს მოსახლეობის 99%-ს. ნავთობის და გაზის მოპოვება ეკოლოგიურად გაცილებით მაღალი რისკის შემცველია, ვიდრე ჰიდროელექტროსადგურები“, - ამბობს ის.