CFD-ს მხარდამჭერი სქემის ფარგლებში მთავრობა ენერგეტიკის სექტორში ტემპის დაჩქარებას და 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს ელის.
რამდენად დაჩქარდება ენერგეტიკული პროექტების განხორციელების ტემპი, ეს CFD სქემის ამოქმედებასთან ერთად იმ ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებაზეცაა დამოკიდებული, რასაც ინვესტორები სამშენებლო ნებართვის მიღებამდე სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურასთან კომუნიკაციისას აწყდებიან. დარგის სპეციალისტები მთავრობას ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვისკენ მოუწოდებენ.
განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, რომ იმპლემენტაციის პროცესში უამრავი უწყებაა ჩართული, უამრავი არაპროფილური უწყება, რომელსაც კარგად არ ესმის სპეციფიკა, შესაბამისად ხდება ნებართვების მიღების უსასრულოდ გაწელვა ამა თუ იმ საკითხზე, იქნება ეს მიწების გადმოცემა თუ მშენებლობის ნებართვის მიღება.
"მთავარია, რომ ინვესტორებს ჰქონდეთ ერთი ფანჯრის პრინციპი. ერთი სახელმწიფო სტრუქტურა იყოს პასუხისმგებელი მთელ ამ ნებართვების პროცესზე სულ ცოტა და ის სამინისტრო ახდენდეს მერე კოორდინაციას სხვა უწყებებთან.
მათი შეხედულებები შეიძლება განსხვავებულ იყოს და ყველასთან სათითაოდ უწევს კერძო ბიზნესს ახსნა-განმარტებები და უამრავ დეტალზე შეთანხმება, რაც უამრავ დროს მოითხოვს.
ბოლო პროექტი რომ დავიწყეთ 2014 წელს, დავამთავრეთ 2020 წელს. ნებართვა 2016-17 წელს მივიღეთ, ანუ ბიუროკრატიის გავლა მაგ წლებში მომიწია. ახლა ახალ პროექტზე გავდივართ და ალბათ სულ ცოტა გაორმაგებულია, გასამმაგებული თუ არა ეს ვადები. მაგალითად მიწის გადმოცემას შეიძლება 6-7 თვე დასჭირდეს, ყველა ნაბიჯს სჭირდება ნებართვების მიღება. ვსაუბრობთ ამ თემებზე და იმედია ამის ოპტიმიზაცია მოხდება“, - აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.
პროექტის დაწყებიდან განხორციელების ეტაპამდე მისვლამდე, თვეების განმავლობაში ბიუროკრატიული ბარიერების გავლა რომ უწევთ ინვესტორებს, ამაზე BM.GE-სთან მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელიც საუბრობს.
„წარმოიდგინეთ, კომპანია, რომელიც იწყებს საქმიანობას, სანამ მშენებლობამდე მივა დაახლოებით 5 უწყებასთან აქვს საქმე. ბიუროკრატიული საკითხები საკმაოდ გვაწუხებს. დროში იწელება პროექტები. კარგი იქნება თუ ერთი ფანჯრის პრინციპის იქნება დანერგილი და ორი სამინისტრო გადაინაწილებს დანარჩენი ორგანიზაციების საქმეს.
მშენებლობის ნებართვამდე რომ მიხვიდე და მშენებლობის ნებართვაც რომ მიიღოთ ამას სჭირდება დაახლოებით, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 1,6 წელი. ისიც, თუ ძალიან სწრაფად მოინდომებთ“, -განმარტავს გიორგი მარგებაძე.