„კომპანიის გაყოფას შევძლებთ, მაგრამ ბირჟის გარეშე დიდ აზრს ვერ ვხედავ,“ - ასე ეხმაურება სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის მრჩეველი პაატა ცინცაძე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობას.
2017 წელს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო. სხვა არაერთ ვალდებულებასთან ერთად, საქართველოს 2019 წლის ბოლომდე უნდა შეესრულებინა ასევე სისტემის ოპერატორების განცალკევების ვალდებულება. ეს ეხება როგორც გამანაწილებელი, ისე გადამცემი სისტემის ოპერატორებს როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის სექტორებში.
ელექტროენერგეტიკის სექტორში გამანაწილებელი ქსელის ოპერატორები როგორც სამართლებრივად, ისე ფუნქციურად უკვე განცალკევდნენ. რაც შეეხება გადამცემი სისტემის ოპერატორებს, აქ გაერთიანება უფრო მაღალი დონის განცალკევებას ითხოვს. ეს არის ქონებრივი განცალკევება და გულისხმობს იმას, რომ ერთ პირს არ აქვს უფლება პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებდეს ერთი მხრივ სისტემის ოპერატორს და მეორე მხრივ, ისეთ საწარმოს, რომელიც ელექტროენერგეტიკის ან გაზის სექტორში საქმიანობს.
ეს არის საფუძველი, რის გამოც ევროპის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ე.წ დარღვევის პროცედურა წამოიწყო საქართველოს წინააღმდეგ. თუ ქვეყანა დროულად არ შეასრულებს ვალდებულებებს, მის მიმართ გარკვეული სანქციები იქნება გამოყენებული.
პაატა ცინცაძე განმარტავს, რომ კომპანიის გაყოფა შესაძლებელია, თუმცა ეს პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკული ბირჟის გახსნასთან.
„სახელმწიფო ელექტროსისტემის ორ ნაწილად გაყოფა, ბირჟის გახსნასთან არის პირდაპირ კავშირში. თუ ვერ გავხსნით ბირჟას და კიდევ გადავადდა, მაშინ კომერციული და ტექნიკური საქმიანობების გამიჯვნას ელექტროენერგიის გადაცემის დონეზე, დიდი აზრი არ ექნება. [კომპანიის] გაყოფა რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ამის მაგალითია ენერგო-პრო, თელასი. ქონებრივ გაყოფაზეა ლაპარაკი, აქაც არანაირი სირთულე არ არის იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, ქსელი რჩება ტექნიკურ ოპერატორს, ხოლო აღრიცხვის სისტემა გადავა კომერციული ოპერატორის მხარეს, რომელიც თვითონ მოემსახურება ამ აღრიცხვის სისტემას. რა თქმა უნდა ეს გაყოფა შესაძლებელია, მაგრამ თუ ჩვენ არ ავამუშავეთ ჯერ კომერციული მექანიზმები, რად გვინდა კომერციული ოპერატორი?!. ამიტომ მოდი ჯერ შევქმნათ ბაზარი, ავამუშაოთ და შემდეგ შეიძლება .... გაყოფას შევძლებთ, მაგრამ ბირჟის გარეშე დიდ აზრს ვერ ვხედავ მართალი გითხრათ“,- განაცხადა პაატა ცინცაძემ.
სახელმწიფო ელექტროსისტემა, ქვეყანაში მაღალი ძაბვის ხაზების (გადაცემის სისტემის) ოპერატორია, არის ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში, ამავე სამინისტროს ეკუთვნის ისეთი ენერგეტიკული ობიექტები, როგორიცაა ენგურჰესი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის თბოსადგურები. სტრუქტურული გამიჯვნა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ობიექტებს საერთო მაკონტროლებელი არ უნდა ჰყავდეთ. როგორც კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში წარდგენილი წინადადების მიხედვით, გენერაციის ობიექტების სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემა იგეგმება.
საქართველომ როგორც ელექტროენერგეტიკის, ისე ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით 2017 წელს აიღო. როგორც ცინცაძე აცხადებს, საქართველო გარკვეული მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის მზად არ აღმოჩნდა.
„ჩვენ გაერთიანების წევრი 2017 წელს გავხდით. არიან ზედამხედველობის სტატუსის მქონე წევრებიც. ასეთია მაგალითად თურქეთი, ნორვეგია, სომხეთი. ისინი ჯერ ვალდებულებებს არ იღებენ, ზედამხედველობის ფუნქციის როლი აქვთ, სწავლობენ და რისი გაკეთებაც იქნება მათთვის სასარგებლო, ამას განახორციელებენ. ჩვენ პირდაპირ წევრი გავხდით, ამას თავისი დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. დადებითია ის, რომ ჩვენ სწრაფად დავიწყეთ ევროპული კანონმდებლობის ენერგეტიკის სექტორში გადმოტანა, უარყოფითი მხარე აქვს ის, რომ ზოგიერთ ნაწილში ჩვენ არ ვიყავით მზად ამისთვის, თუნდაც ბირჟის მაგალითმა აჩვენა ეს“,- აცხადებს ცინცაძე.